ფეხბურთი

15:29 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მოგება ორივე გუნდს შეეძლო, ვეცდებით, მიზანს ჩეხეთთან მივაღწიოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უკრაინასთან მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოგებასთან ახლოს ორივე გუნდი იყო.

„გვაქვს მიზანი, რომელსაც ჩეხეთთან უნდა მივაღწიოთ და დადებითად დავასრულოთ ეს ერთა ლიგა. მადლობა ბათუმელ გულშემატკივრებს, მხარი დაგვიჭირეს, შემდეგ წელს ისევ დავბრუნდებით აქ. ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ჩვენც და ისინიც ახლოს ვიყავით. ვფიქრობ, მომენტები რომ გამოგვეყენებინა ან ოდნავ უფრო გაგვმართლებოდა, ჩვენს სასიკეთოდ დასრულდებოდა თამაში, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ, ბიჭებმა მაქსიმუმი გავიღეთ და ვეცდებით, ჩეხეთთან მოვიგოთ.

ბათუმში დაბრუნება ძალიან სასიხარულო იყო, მინდოდა ამ სტადიონზე გოლით დავბრუნებულიყავი, აქ ძალიან კარგი დრო მაჩუქეს, 2-3 თვე, რომელიც ბათუმში გავატარე და მათი ძალიან მადლობელი ვარ. ამ ქომაგების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ და მადლობა მათ, ისევე როგორც იმ გულშემატკივრებს, რომლებიც სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, ისინი ჩვენთვის ძალიან დიდ როლს თამაშობენ“, - თქვა კვარაცხელიამ.

ხვიჩამ გარდა ამისა, სოციალურ ქსელში დაწერა: „ვაგრძელებთ დასახული მიზნებისკენ ბრძოლას! მადლობა გუშინდელი გულშემატკივრობისთვის. ახლა კი სრული კონცენტრაცია ჩეხეთთან გასამართ მატჩზე, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ვიცი და მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ჩეხეთი 8 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 7-7 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 5. შესაბამისად, ბოლო ტურში საქართველო მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, უდიდესი ალბათობით (თუ ალბანეთი ძალიან დიდი ანგარით არ მოიგებს უკრაინასთან).

საქართველო ჩეხეთს ოლომოუცში 19 ნოემბერს ესტუმრება.

0.114173