რაგბი

13:47 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 16:0 ხარები

‘ბათუმმა’ რუთავის ‘ხარებს’ crocobet დიდი 10-ის მე-9 ტურში მშრალი ანგარიშით, 16:0 სძლია და პირველი წრე 24 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა. ‘ხარებს’ 20 ქულა დარჩა და მარცხის მიუხედავად საფლეიოფო ექვსეულში ადგილი შეინარჩუნა.

“ბათუმი არენას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა. უხვ ნალექს დრენაჟის სისტემა სრულფასოვნად ვერ გაუმკლავდა და გარემო პირობებმა თამაშის ხარისხზე დიდი გავლენა იქონია. შედეგად, 16 ნოემბერს ბათუმში მიმდინარე სეზონის ყველაზე მწირქულიანი შეხვედრა გაიმართა.

ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა სტუმართა ფულბეკმა მაიკელი როკოდინონომ მიიღო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. ‘ბათუმმა’ კარგი შეტევით უპასუხა და არჩილ თურმანიძეს ლელო ძელებსშუა უნდა გაეტანა, თუმცა ბურთი წინ დაუვარდა. სამაგიეროდ მასპინძლებს ჯარიმის უპირატესობა დაუბრუბდათ და სერგი ჩხაიძემ ის 3 ქულად აქცია. ჩხაიძემ მე-17 და 38-ე წუთებზე კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 9:0 დასრულდა.

მასპინძლები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მეორე ტაიმშიც ფლობდნენ, თუმცა ამით მხოლოდ ერთხელ, 62-ე წუთზე იხეირეს. სტუმართა გუნდი მოლის განზრახ ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, რის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ბათუმმა’ 16:0 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თხილაიშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.133109