ფეხბურთი

22:55 | 16.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის გოლით საქართველო უკრაინას დაუზავდა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში ბათუმში, უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.

ფრე, რომელიც ალბათ, არც ერთ გუნდს აწყობდა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური შედეგი იყო.

საქართველოს ნაკრებს მატჩის სტარტზევე ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა: ჯერ ბუდუ ზივზივაძეს დაუბლოკა მცველმა დარტყმა, თორემ დიდი შანსია, გოლი გასულიყო და კუთხური დაინიშნა. ამ კუთხურს მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას შორეული, ძალიან სახიფათო დარტყმა, რომელიც მეკარემ ისევ კუთხურზე მოიგერია...

ორი რეალური მომენტი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ კუთხურის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი მოედნის ცენტრში შეცდა, ბურთი დაკარგა, რასაც სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც სოლომონ კვირკველიას ავტოგოლით დასრულდა.

მოულოდნელად გაშვებულმა გოლმა ვილი სანიოლის გუნდზე ცუდად იმოქმედა. საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა სწრაფად მოქმედება, თამაშს ინტენსივობა აკლდა, ხოლო უკრაინელები კონტრშეტევებზე სწრაფად და სახიფათოდ გადადიოდნენ. ტაიმის მიწურულს გიორგი მამარდაშვილმა იხსნა მიხაილო მუდრიკის დარტყმის შემდეგ, როცა უკრაინელთა ლიდერმა დაცვის ხაზი ძალიან ადვილად გაარღვია.

შესვენებაზე სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძე ზურიკო დავითაშვილით შეცვალა, რომელსაც მეორე ტაიმის სტარტზე შეეძლო გატანა, როცა კვარაცხელიას დიდებული მოქმედების შემდეგ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ არაზუსტად - უკეთ დარტყმა ნამდვილად მართებდა.

62-ე წუთზე ხვიჩას კიდევ ერთხელ გაუმართლა: საჯარიმოს გარედან დაარტყა და უკრაინა ხარიხამ გადაარჩინა. ძალიან ლამაზ გოლამდე კვარას ძალიან ცოტა დააკლდა. სანიოლმა ამის შემდეგ სამმაგი ცვლილება განახორციელა, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი მიქაუტაძე ჩაერთნენ თამაშში.

ზოგადად, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, უკეთაც თამაშობდა და გოლიც დაიმსახურა, რომელიც 76-ე წუთზე გაიტანა. ოთარ კაკაბაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ქოჩორაშვილმა თავით დაარტყა და მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე მიქაუტაძემ ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მიქაუტაძემ ეროვნულ ნაკრებში მე-15 გოლი შეაგდო და ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს დაეწია.

საქართველო ცდილობდა მეორე გოლის გატანაც, უკრაინა დაცვაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლები გადარჩნენ, როცა სტუმართა კონტრშეტევის შემდეგ მამარდაშვილმა ჯერ ჰაცულიაკს აჯობა, მერე დამატებაზე ნაზარენკოსაც არ გაატანინა და საბოლოოდ - 1:1.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, უკრაინას - 5. ვილი სანიოლის გუნდი ბოლო ტურში 19 ნოემბერს, სტუმრად, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - უკრაინა 1:1 (0:1)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია (გოჩოლეიშვილი 67), კაშია, ლოჩოშვილი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 86), შენგელია (წიტაიშვილი 67); ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; ზივზივაძე (მიქაუტაძე 67)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

უკრაინა (4-1-4-1): ტრუბინი; კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო; ბრაჟკო (კალიუჟნი 80); ზუბკოვი (გუცულიაკი 64), სუდაკოვი (ნაზარენკო 86), შაპარენკო (კრისკივი 64), მუდრიკი; დოვბიკი (იარემჩუკი 80)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

გოლები: 0:1 კვირკველია (7, ა.გ), 1:1 მიქაუტაძე (76)

გაფრთხილება: ლოჩოშვილი (31), გოჩოლეიშვილი (70) - ზუბკოვი (3), შაპარენკო (52), მიკოლენკო (82), მუდრიკი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (3) – 6 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კრის კავანა (ინგლისი)

0.117185