უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოსთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ასეთ მძიმე საფარზე რთული იყო თამაში. საქართველოს გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ მაინც შეგვეძლო ბოლოს თამაშის მოგება. მიუხედავად ამისა, გვაქვს ის, რაც გვაქვს. მუდრიკმა ბევრი იშრომა, მას ავუხსენი რაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. სწრაფია, მაგრამ დღეს მისთვის რთული იყო ასეთ მინდორზე სისწრაფეების გამოყენება.
სწრაფი გოლი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ამის შემდეგ ვცდილობდით ანგარიშის შენარჩუნებას და დაცვიდან ჩვენი შანსის დალოდებას, მაგრამ საქართველოს ნაკრები ძალიან მოტივირებული იყო.
კონოპლიას თამაშით კმაყოფილი ვარ, მან და სხვებმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშს თავი მეტ-ნაკლებად კარგად გაართვეს, რადგან ხვიჩა ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.
მადლობა გულშემატკივარს, ისინი პირველ ტაიმში ძალიან საინტერესო სიმღერას მღეროდნენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველივე დღიდან ვგრძნობთ და მადლობა ამისთვის“, - თქვა რებროვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში ხუთი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს მოპოვებული. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 19 ნოემბერს, სტუმრად, ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს.