ფეხბურთი

16:15 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იანვარში თუ ივნისში: "იუვენტუსში" საბა გოგლიჩიძე ძალიან მოსწონთ

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველ საბა გოგლიჩიძეს ტურინის „იუვენტუსს“ სულ უფრო და უფრო აქტიურად უკავშირებენ.

Juvelive წერს, რომ ტურინელებს მზად აქვთ 7-მილიონიანი შეთავაზება „ემპოლისთვის“, რათა 20 წლის ქართველი მცველის გადაბირება მოახერხონ, რომელიც „იუვეს“ ხელმძღვანელობას და სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის ძალიან მოსწონთ. გამოცემის ვერსიით, საუბარია ტრანსფერის დამდეგ ზაფხულს განხორციელებაზე.

თუმცა, „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში ორი მცველი, გლეისონ ბრემერი და ხუან კაბალი გამოაკლდა, რომლებმაც მძიმე ტრავმები მიიღეს და მოედანზე ზაფხულამდე ვერ გავლენ. შესაბამისად, „ბიანკონერის“ იანვარში სჭირდება ორი მცველის დამატება, რადგან ტიაგო მოტას განკარგულებაში კონკრეტულ რგოლში მხოლოდ 6 ფეხბურთელია დარჩენილი, რაც ძალიან ცოტაა.

ამიტომ, ტურინელებს ბევრ მცველს უკავშირებენ, ვინც შეიძლება იანვარში დაიმატონ. ედოარდო მეკას ინფორმაციით, სიაში ერთ-ერთი გოგლიჩიძეა. როგორც ის იტყობინება, ჯუნტოლის და მის შტაბს ძალიან მოსწონთ გოგლიჩიძე და სულაც არაა გამორიცხული, რომ ქართველი მცველი იანვარში დაიმატონ. რაც მთავარია, საბა „იუვენტუსის“ კრიტერიუმებში ჯდება - როგორც ფასის, ისე ასაკიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში სხვა კლუბებსაც დაუკავშირეს, ყველაზე აქტიურად „ბოლონიას“, ასევე ურჩიეს ინგლისურ კლუბებს.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში „ემპოლის“ მაისურით 9 მატჩი ჩაატარა.

0.106359