ფეხბურთი

18:50 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი რებროვი: "განსხვავებული და საინტერესო თამაში იქნება"

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

უკრაინელმა სპეციალისტმა ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე, მეტოქეზე გუნდის მდგომარეობაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, რომ ძალიან განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე პირველი მატჩი იყო, რადგან საქართველო შინ თამაშობს და გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა ექნება. ცხადია, განსხვავებულ თამაშს ველოდებით, მაგრამ ჩვენ ისეთივე თამაშს ვაპირებთ, როგორც პირველ შეხვედრაში. ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაგკლდა, მაგრამ ვინც მოედანზე გავა 100%-ით მზადაა და მჯერა კარგად ითამაშებენ. დოვბიკმა დღეს ივარჯიშა და ვნახოთ, ხვალ როგორ იქნება, იმედია, რომ კარგად იქნება და ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ჩვენთან მატჩის მერეც ითამაშა და სქემაც შეცვალეს, ამიტომ არ ვიცი, ხვალ რას უნდა ველოდოთ და როგორ ფორმაში არიან. ყველაფერი ხვალ მოედანზე გამოჩნდება.

საბოს პროგნოზი, რომ წავაგებთ? არ ვიცი, თქვა და თქვა, ეს უბრალოდ მისი აზრია. კომენტარი არ მაქვს, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და საინტერესო თამაში იქნება. კვარაცხელიას შეჩერებას ისევე ვეცდებით, როგორც პირველ შეხვედრაში შევაჩერეთ, მაგრამ საქართველოს სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს, განსაკუთრებით, შეტევაში“, - თქვა რებროვმა.

პრესკონფერენციაზე მცირე კომენტარი გააკეთა უკრაინის ნაკრების მცველმა ვიტალი მიკოლენკომ.

„ტრავმის შემდეგ ფორმაში შევდივარ, კლუბში ბოლო ოთხი მატჩი ვითამაშე. საქართველოს ყოველთვის კარგი და საინტერესო გუნდი ჰყავდა, აქამდე მითამაშია „დინამო თბილისთან“ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან, საინტერესო მატჩები იყო და ახლაც იმავეს ველოდები“, - თქვა მიკოლენკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.

საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან უარყოფითი ბალანსი აქვს: 10 მატჩი, 0 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება. მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.110793