სხვა

9:23 | 14.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება

რა არის ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება?

როგორც დაავადების სახელი გვეუბნება ეს არის დაავადება რომელიც არ არის დაკავშირებული ალკოჰოლთან და ვირუსულ ჰეპატიტებთან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დაავადებას სახელი შეეცვალა და დღეის მდგომარეობით მას მოიხსენებენ როგორც: მეტაბოლურ დისფუქნციასთან დაკავშირებულ ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას (MASLD)

რა არის ამ დაავადების შესაძლო გამომწვევი რისკ-ფაქტორები?

ადამიანებს რომელთაც აქვთ ქვემოთ აღნიშნული მეტაბოლური დარღვევები, დიდი რისკი აქვთ ე.წ მეტაბოლურ დისფუნქციასთან დაკავშირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ჩამოყალიბების.

რისკ-ფაქტორებია:

  • სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი BMI ≥ 25 კგ/მ2);
  • დიაბეტი ტიპი 2;
  • დისლიპიდემია (ლიპიდური ცვლის დარღვევა);
  • ჰიპერტენზია;
  • მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება;
  • პირველი რიგის ნათესავებში ამ დაავადების არსებობა.

როგორია აღნიშნული დაავადების მსოფლიო სტატისტიკა და რომელ სქესში გვხვდება ყველაზე ხშირად?

უნდა აღინიშნოს, რომ მეტაბოლურ დისფუქნციასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება არ არის იშვიათი, მეტიც ის საკმაოდ ხშირი დაავადებაა. ის გვხდება მსოფლიო მოსახლეობის 30%-ში და უფრო მეტად ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

რა არის ღვიძლის სტეატოზი და რა არის ღვიძლის სტეატოჰეპატიტი?

ღვიძლის სტეატოზი გახლავთ ე.წ ღვიძლის გაცხიმოვნება, როდესაც ღვიძლში აღინიშნება ცხიმოვანი უჯრედების სიჭარბე.

ხოლო ღვიძლის სტეატოჰეპატიტი ნიშნავს რომ აღნიშნული დაავადება პროგრესირდა და ჩვენ სახეზე გვაქვს არა მხოლოდ ღვიძლის გაცხიმოვნება არამედ ღვიძლის ანთებაც (MASH).

რა სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს პაციენტს რომელსაც აქვს აღნიშნული დაავადება?

დაავადება არის ვერაგი, რადგან ხშირ შემთხვევაში პაციენტები არიან ასიმპტომურები, პაციენტს შესაძლოა არანაირი ჩივილი არ ჰქონდეს. უმეტესწილად ეს დაავადება აღმოჩენილია შემთხვევით: მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევით (რომელშიც ვნახულობთ ჰეპატომეგალიას, როდესაც ღვიძლი აღემატება მის ნორმალურ ზომებს) და/ან ლაბორატორიული კვლევებით, სადაც მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ღვიძლის ფერმენტები.

როგორც აღვნიშნეთ ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში ასიმპტომურია, თუმცა რა არის ის სიმპტომები, რომლებიც პაციენტების მცირე პროცენტს აღენიშნება?

ეს ჩივილებია:

  • ზოგადი სისუსტე;
  • მარჯვენა ფერდქვეშა არეში დისკომფორტის შეგრძნება.

რა შეიძლება იყოს ამ დაავადების გართულება?

აღნიშნულმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ანთება, რომელსაც ჩვენ ღვიძლის სტეატოჰეპატიტს ვეძახით, ის კი, შესაძლოა, პროგრესირდეს უფრო მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებად - ღვიძლის ციროზად.

როგორ შეიძლება დავსვათ მეტაბოლურ დისფუნქციასთან დაკავშირებული ღვიძლის გაცხიმოვნების დიაგნოზი?

  • პირველ რიგში აღნიშნულ დაავადებაზე ეჭვი გვიჩნდება პაციენტის რისკფაქტორებიდან გამომდინარე (თუ მას აქვს სიმსუქნე, დიაბეტი ტიპი 2, დისლიპიდემია);
  • თუ ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე ვნახულობთ - ჰეპატომეგალიას, ცხიმოვან ინფილტრაციას, ფიბროზს;
  • დამატებით შესაძლოა საჭირო იყოს ღვიძლის ფიბროსკანის ჩატარება, რომელიც გვიჩვენებს ღვიძლის ფიბროზის ხარისხს;
  • თუ ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისას, ვნახულობთ ღვიძლის მომატებულ ფერმენტებს;
  • ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს ღვიძლის სხვა დაავადებები (ვირუსული ან აუტოიმუნური ჰეპატიტები, მეტაბოლური ცვლის დარღვევით განპირობებული ღვიძლის სხვა დაავადება და ა.შ);
  • აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბოლოო დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა საჭირო იყოს ღვიძლის ბიოფსიაც.

როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავედებას?

  • პირველი აუცილებელი რეკომენდაცია არის წონის კლება (ჭარბი წონისა და სიმსუქნის არსებობისას), რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ კვებას;
  • დისლიპიდემიის კონტროლი, რათა მოვახდინოთ კარდიო-ვასკულარული გართულებების პრევენცია;
  • დიაბეტის სწორი მენეჯმენტი და გლუკოზის კონტროლი;
  • რთულ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნულ რეკომენდაციებს არ აქვს შედეგი, შესაძლოა საჭირო იყოს ბარიატრიული ოპერაცია.

®

0.12147