საქართველოს ნაკრების და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს.
Juvelive.it-ის ცნობით, 20 წლის ქართველი ტურინული გრანდის რადარზეა და შეიძლება ის ზაფხულში დაიმატონ. „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა მზადაა „ემპოლის’ 7 მილიონი ევრო გადაუხადოს. გარდა ამისა, არაა გამორიცხული მომდევნო სეზონიც იჯარით „ემპოლიში“ დატოვონ, რათა მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რაც განვითარებაში დაეხმარება.
„იუვემ“ ბოლო დროს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი, რაზეც კარგად მეტყველებს ის, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „პარმას“ შემდეგ ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს.
გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და უფრო ძლიერი კლუბების ყურადღება მიიპყრო. საბას შეძენა „იუვეს“ „ტორპედოდანაც“ სურდა, თუმცა, მაშინ ახალგაზრდული გუნდისთვის, რომელიც სერია C-ში თამაშობს და შემდეგ იქ დააკვირდებოდნენ მის განვითარებას.
„იუვენტუსს“ „ემპოლის“ კიდევ ერთ მცველ, არდიან ისმაილის უკავშირებენ, მაგრამ ზემოხსენებული წყაროს ცნობით, ალბანელი არ არის ტურინელთა პრიორიტეტი ასაკიდან გამომდინარე და მათ უფრო მეტად საბა გოგლიჩიძეზე უჭირავთ თვალი.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლიმ“ მიმდინარე წლის იანვარში „ტორპედოდან“ დაიმატა.