„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ინტერთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი მსაჯებზე ძალიან გაბრაზებული იყო და ემოციური კომენტარი გააკეთა:
„რას ნიშნავს VAR-ს ჩარევა არ შეეძლო? როდესაც უნდათ ერევა, როცა არ უნდათ, არა? მსაჯის ერთ გადაწყვეტილებას მსგავსი თამაშის შეცვლა შეუძლია. როდესაც შეცდომაა, VAR-ი უნდა ჩაერიოს, წერტილი, მორჩა! მხოლოდ მე არ მაწუხებს ეს, ყველა მწვრთნელისთვის ეს პრობლემაა. ეს არის ის, რაც ძალიან მაბრაზებს. მსგავს მომენტებში VAR-ზე მსაჯს უნდა დაუძახონ, უნდა ნახოს მონიტორზე მომენტი და თუ თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პირველი ვიქნები, ვინც მსაჯს შეაქებს. VAR-ი პატიოსნად უნდა იყოს გამოყენებული!
ასეთი პენალტის დანიშვნით ვიღაცებმა სცადეს იმის გაკეთება, რაც ძალიან გამაბრაზებდა. შეუძლებელია იმის მოსმენა, რომ VAR-ს ჩარევა არ შეეძლო, წარმოუდგენელია, საოცარი შეცდომა დაუშვეს და მომენტი არ გადაამოწმეს. კი, მაგრამ ვინ შექმნა VAR-ის პროტოკოლი, რომელსაც შეთქმულების თეორიამდე მივყავართ. რამდენიმე კვირის წინ აშკარა პენალტი იყო კვარაცხელიაზე, ხელი უბიძგეს და მაშინაც თქვეს, რომ VAR-ს ჩარევის უფლება არ ჰქონდა, რადგან მსაჯმა გადაწყვეტილება მოედანზე მიიღო, ამიხსენით, რას ნიშნავს, VAR-ს ჩარევა არ შეუძლია?
რაც შეეხება თამაშს, აქ სპარინგისთვის არ ჩამოვსულვართ, ჩვენი ძალის და ხასიათის საჩვენებლად ჩამოვედით, „სან სიროზე“ თამაში ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ გასაუმჯობესებლად. „იუვენტუსთან“, „ინტერთან“ და „მილანთან“ სამ გასვლით მატჩში 5 ქულა მოვიპოვეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს აჩვენებს ჩვენს ძალას. დარწმუნებული ვარ, მომატებაც შეგვიძლია“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 12 ტურის შემდეგ 26 ქულით ლიდერობს, მაგრამ ოთხ გუნდს მხოლოდ ქულით უსწრებს, ხოლო მეექვსეადგილოსანს - ორი ქულით. „აძური“ 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.