ფეხბურთი

1:49 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ქულა და ისევ ლიდერის პოზიცია: სერია A-ში საოცარი სატურნირო მდგომარეობაა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტური „ინტერის“ და „ნაპოლის“ ძალიან საინტერესო დაპირისპირებით დასრულდა.

„ინტერი“ თუ მოიგებდა, მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდებოდა, „ნაპოლის“ ქულაც ხელს მისცემდა სანაკრებო პაუზა პირველ ადგილზე რომ გაეტარებინა. საბოლოოდ, მიზანს ანტონიო კონტეს გუნდმა მიაღწია.

თამაშიდან გამომდინარე ფრე ლოგიკური შედეგიც იყო. ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა, „ნაპოლი“ მეორე ნორმად თამაშობდა და თავს კარგად იცავდა.

ანგარიშიც სტუმრებმა გახსნეს, 23-ე წუთზე: ხვიჩა კვარაცხელიამ კუთხური ჩააწოდა, ამირ რაჰმანიმ მოიგო ბრძოლა და ამის შედეგად სკოტ მაკტომინეიმ ზუსტად დაარტყა - 0:1.

პირველი ტაიმის მიწურულს „ინტერმა“ გაათანაბრა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები არ ჰქონია. დაახლოებით 30 მეტრიდან ჰაკან ჩალჰანოღლუმ დაარტყა და ალექს მერეტმა ვერაფერი მოახერხა. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ტაიმში უფრო მეტი ბრძოლა იყო, ვიდრე ხარისხიანი ფეხბურთი, თუმცა, „ინტერს“ მაინც შეეძლო მოგება, თუმცა, 74-ე წუთზე ჩალჰანოღლუმ პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი ძელს მოხვდა. ეს იყო თურქი ნახევარმცველის მეოცე პენალტი „ინტერში“ და პირველი არაზუსტი. საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და აქტიურობდა, თუმცა, დაცვასაც მაგრად ეხმარებოდა. სახასიათო იყო მატჩის მიწურულს ფედერიკო დიმარკოზე დაფარება, როცა მარცხენა გარემარბი მარჯვენა ფლანგზე დაცვაში აღმოჩნდა. კვარას საგოლე შანსიც ჰქონდა, მატჩის სტარტზე, მაგრამ იან ზომერს ვეღარ აჯობა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 12 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ნაპოლი“ სანაკრებო პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა, 26 ქულით. თუმცა, სერია A-ში სიმჭიდროვეა: „ნაპოლი“ ერთი ქულით უსწრებს „ატალანტას“, „ფიორენტინას“, „ლაციოს“ და „ინტერს“, მხოლოდ ორი ქულით „იუვენტუსს“...

მომდევნო ტურში „აძური“ 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.

"ინტერი" - "ნაპოლი" 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 მაკტომინეი (23), 1:1 ჩალჰანოღლუ (43)

0.152801