რაგბი

12:40 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | იმერში პირველი წრე ‘ფენიქსმა’ დამაჯერებლად მოიგო

რეგიონული ლიგის დასავლეთის ჯგუფში პირველი წრე დასრულდა და შეჯიბრება უკვე გაისად, 2025 წელს განახლდება. ზამთრის არდადეგებზე ლიდერად ‘ფენიქსი’ წავიდა. სამტრედიელებმა პირველობის 5-ივე შეხვედრა მოიგეს, 24 ქულა დააგროვეს (პრემიალური ქულა მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ მოიპოვეს) და მეორე ადგილზე მყოფ ‘ჯანს’ 7 ქულით უსწრებენ. ‘აიეტმა’ 11 ქულით მესამე პოზიციაზე აინაცვლა და ‘ბაგრატს’ 1 ქულით გაუსწრო. ‘ტორნადო’ 9 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე დაქვეითდა. აუტსაიდერმა ‘რაგბის სკოლამ’ კი პირველი წრე საცხრილო ქულის გარეშე ჩაამთავრა.

სამტრედიაში, ‘ფენიქსი’-‘ბაგრატის’ იმერულმა დერბიმ ქომაგი და სპეციალისტი გააწბილა. მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლა არ შედგა. სამტრედიელები პირველივე წუთებიდან სრულ უპირატესობას ფლობდნენ და რიონისპირელებს 11 უპასუხო ლელო დაუდეს. მასპინძელთა ფრთა აკაკი კვიჟინაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, მგეზავმა ბაკურ კუხალაშვილმა კი 9 გარდასახვა გამოიყენა. ‘ბაგრატი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ტაიმში მხტომელ ამირან ჩიტეიშვილის გატანილი ეული ჯარიმით გადაურჩა - 73:3.

‘ჯანმა’ ბათუმის ‘ტორნადოს’ ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა. ტაიმნახევარმა დაძაბულ ბრძოლაში განვლო. მატჩის დებიუტში გურულები ფულბეკ მურმან ყურშუბაძის გატანილი 3 ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც აჭარლებმა ფრთა მირზა შაინიძის გარდასახული ლელოთი უპასუხეს. შემდგომში ‘ტორნადომ’ კიდევ 2 ლელოს გატანა მოახერხა, რამაც ‘ჯანს’ დაგეგმილი პრემიალური ქულა არ ააღებინა. შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ‘ჯანის’ შუამარბ ლევან ბუცხრიკიძის გატანილ ლელოს, მოლის ჩაქცევისთვის მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელო მოჰყვა. ‘ჯანმა’ მატჩი 47:17 მოიგო.

‘ვანის ‘აიეტმა’ ზუგდიდში, ადგილობრივ ‘რაგბის კლუბს’ 8 უპასუხო ლელო დაუდო, მასპინძლები კი მგეზავ საბა კეკუას პირველ ტაიმში გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა. აღსანიშნავია, რომ ვანელთა 8-ვე ლელო სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშზეა. იმერელთა წარმატებას სათავე მარბიელ თამაზ ცხადაშვილის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი ცხადაშვილის ნაცვლად თამაშში ჩართული მარბიელის კახი ჭიჭიეიშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘აიეტმა’ 50:3 გაიმარჯვა.

აღმოსავლეთის პირველ ჯგუფის სათავეში გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ რჩება. ზურა ხორბალაძის დამოძღვრილმა დებიუტანტმა 4-ივე გამართული შეხვედრა მოიგო, 18 ქულა დააგროვა და მდევარ მარნეულის ‘არმაზს’ 3 ქულით უსწრებს. თავის მხრივ ‘არმაზს’ მესამე ადგილზე მყოფი ‘სოხუმი’ 1 ქულით ჩამორჩება. 10 ქულით მე-4 პოზიციაზე თსუ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ‘სოხუმს’ მოწინავე კვარტეტში მყოფ მეტოქეებთან მიმართებაში 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

ჯგუფის ლიდერი ‘ქვემო ქართლი’ ვაზისუბანში დედაქალაქურ ‘ივერიელს’ დაუპირისპირდა. სუბიექტურ მიზეზთა გამო ‘ივერიელს’ ლიდერთან 12 მორაგბით მოუხდა გამკლავება, რამაც თამაშს სპორტული მხარე სრულად დააკარგვინა. ‘ქვემო ქართლმა’ ვარჯიშ-ვარჯიშ მეტოქეს 24 უპასუხო ლელო დაუდო. მღლეტელმა ნიკა ტაბატაძემ და ფრთა მიშო შუბითიძემ 5-5 ლელო გაიტანეს. ‘ივერიელი’ „მშრალი“ ანგარიშით განადგურებას ფრთა ლაშა სირაძის გატანილი წყვილი ჯარიმით გადაურჩა - 158:6.

ვაზისუბნის სარაგბო არენამ ‘ლაშარი’- მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრასაც უმასპინძლა. ქვემო ქართლელებმა მატჩის ნომინალურ მასპინძელს მთლიანობაში 14 ლელო დაუდეს, პირველი ნახევარი 40 ქულიანი სხვაობით, მატჩი კი დაგეგმილი პრემიალური ქულით - 94:10 მოიგეს. ‘არმაზის’ 4-მა მორაგბემ: ფრთა ლექსო კობერიძემ, მარბიელმა ერეკლე ხუროშვილმა, შუამარბმა ლუკა ბერიაშვილმა და ბურჯმა ნიკა დარახველიძემ „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ლაშარი’ კი ტაიმებში გატანილ თითო ლელოს დაჯერდა.

‘ბორჯომი’-სოხუმის’ შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. სოხუმელებმა პირველ ნახევარში 13 უპასუხო ქულა აიღეს. აფხაზური გუნდის წარმატებას სათავე ფრთა ზურაბ გაგუას გატანილმა ლელომ დაუდო. მეორე ტაიმის დებიუტში ფავორიტმა ‘სოხუმმა’ 3 გატანილი ლელოთი უპირატესობა გაიღრმავა. მართალია, თორელებმა გაიბრძოლეს და 2 გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს, თუმცა შეხვედრის მიწურულს მხტომელ ბექა ბუკიას გატანილმა ლელომ ‘სოხუმს’ მატჩი ბონუს-ქულით მოაგებინა - 30:14.

აღმოსავლეთის მეორე ჯგუფში 4-მა ტურმა განვლო. ‘პატარძეულსა’ და თელავის ‘ჭადარს’ ჯეროვან წინააღმდეგობას მეტოქენი ვერ უწევენ. ორივე კახური გუნდი თანალიდერობას მაქსიმალური შედეგით, 20 ქულით აგრძელებს და მორიგ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ლიდერთა დაპირიპირება იწვევს, რომელიც თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება. ლიდერთა დუეტს მესამე ადგილზე მყოფი ‘დევები’ მთელი 11 ქულით ჩამორჩა.

„რაგბი პლატოზე“, ‘დევებმა’ თელავის ‘ჭადარს’ უმასპინძლა. კახელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც 11 გატანილ ლელოში ასახეს. ‘ჭადარის’ მარბიელმა კოტე ნახუცრიშვილმა და ფულბეკმა ალექსი აშუღაშვილმა „დუბლი“ გაიფორმეს. ‘დევების’ მხრიდან პრესტიჟის ლელო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ფრთა მარტინ მილკეფსმა გაიტანა და საკუთარი გუნდი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან გადაარჩინა - 69:7.

‘პატარძეული’ ‘გარდასახვას’ მატრყოფის ბაზაზე დაუხვდა და 20 ქულიანი უპირატესობით საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოამთავრა. გარე კახელთა წარმატებას სათავე გამოცდილი შუამარბის მურაზ გიორგაძის გატანილმა ლელომ დაუდო, ვინაც შემდგომში „დუბლი“ შეასრულა. ფავორიტმა მთლიანობაში 8 ლელო გაიტანა, მეტოქე კი ტაიმებში თითო დადებულ ლელოს დააჯერა. ‘პატარძეულმა’ მატჩი 54:13 მოიგო.

RUGBY.GE

0.144414