რა არის გინეკომასტია?
გინეკომასტია, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მამაკაცებში მკერდის ქსოვილის გადიდებით. გინეკომასტია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და წარმოშობის მამაკაცში. ეს პრობლემა იწვევს ფიზიკურ დისკომფორტს და სტრესსაც კი. შესაძლოა ზომაში გაიზარდოს მკერდის მხოლოდ ერთი მხარე ან ორივე.
გინეკომასტია, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი (არასიმსივნური) მდგომარეობაა. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონალურ ცვლილებებთან.
გინეკომასტიის მიზეზები:
- ჰორმონალური დისბალანსი: ისეთმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა, როგორიცაა, ესტროგენსა (ქალის ჰორმონი) და ტესტოსტერონს (მამაკაცის ჰორმონი) შორის დისბალანსი, შეიძლება გამოიწვიოს გინეკომასტია. ეს დისბალანსი შეიძლება მოხდეს სქესობრივი მომწიფების, დაბერების ან გარკვეული ჯანმთელობის მდგომარეობის გამო
ჰორმონები, ტესტოსტერონი და ესტროგენი სასქესო ჰორონებია. ტესტოსტერონი აკონტროლებს კუნთების მასასა და სხეულზე თმიანობას. ესტროგენის ერთ-ერთი ფუნქცია კი მკერდის ზრდის კონტროლია.
ესტროგენის დონემ, რომელიც ძალიან მაღალია ან არ არის დაბალანსებული ტესტოსტერონის დონესთან, შეიძლება გამოიწვიოს გინეკომასტია; - მასტიტი;
- ლიპომა;
რომელი მედიკამენტები იწვევენ გინეკომასტიას?
გინეკომასტია შეიძლება იყოს ისეთი მედიკამენტების გვერდითი ეფექტი, როგორიცაა:
- ანტიდეპრესანტები;
- გარკვეული ტიპის ანტიბიოტიკები;
- ქიმიოთერაპია;
- პროსტატის კიბოს მედიკამენტები;
- გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო საშუალებები;
- ანაბოლური სტეროიდები;
- ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ჰეროინი ან მარიხუანა.
როგორც ხედავთ, შესაძლებელია კავშირი იყოს მედიკამენტებსა და გინეკომასტიასთან, ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით.
ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც კავშირშია გინეკომასტიასთან:
- ჰიპოგონადიზმი;
- ჰიპერთირეოზი;
- თირკმლის უკმარისობა.
შეიძლება დაარღვიოს ჰორმონალური ბალანსი, რაც პოტენციურად იწვევს გინეკომასტიას.
გინეკომასტია და ცხოვრების წესი
ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება, მარიხუანას ან გარკვეული ნარკოტიკების გამოყენება ასოცირდება გინეკომასტიასთან. ასევე, ჭარბმა წონამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ მდგომარეობას.
აქედან გამომდინარე ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნება უმათვრესია.
(დაბალანსებული კვება, ალკოჰოლის ზომიერად მიღება და ფიზიკური აქტივობა)
დაავადები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს გინეკომასტია:
- ღვიძლის დაავადებები;
- თირკმელების დაავადება;
- ფილტვის კიბო;
- სათესლე ჯირკვლის კიბო;
- თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეები;
- ტრავმა;
- სიმსუქნე;
- ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები.
ახალშობილ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გინეკომასტიის მოკლევადიანი ფორმა, რომელიც ჩარევის გარეშე გაივლის. ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ დედის ესტროგენი ბავშვის სისხლში რჩება დაბადებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გინეკომასტია არ არის დაკავშირებული ძუძუს კიბოსთან. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს სადიაგნოსტიკო კვლევები ძუძუს კიბოს გამოსარიცხად.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, აუცილებელია ცალკე გამოვყოთ, დანამატები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია გინეკომასტიასთან. სამწუხაროდ, ეს დანამატები ხელმისაწვდომია ზოგ სავარჯიშო დარბაზში. აღნიშნულ პრობლემას ვხვდებით როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. აუცილებელია, ვისაუბროთ იმ შედეგებსა და პათოლოგიებზე, რომლებსაც ასეთი დანამატების თვითნებური მიღება იწვევს. სწრაფი ვიზულური შედეგი ყოველთვის ჯანსაღ არჩევანს არ გულისხმობს.
რისკის შემცველი დანამატებია:
- ანაბოლური სტეროიდები და პროჰორმონები;
ბოდიბილდინგის ზოგიერთი დანამატი, მათ შორის ანაბოლური სტეროიდები და პროჰორმონები, ცნობილია ტესტოსტერონის მსგავსი ეფექტით. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ გააძლიერონ კუნთების ზრდა, მაგრამ ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ დისბალანსი ესტროგენსა და ტესტოსტერონს შორის, რაც გამოიწვევს გინეკომასტიას.
- სოიოს მაღალი შემცველობით დამზადებული ცილოვანი დანამატები:
სოიო მდიდარია ფიტოესტროგენებით, მცენარეული ნაერთებით, რომელთა მოქმედება ორგანიზმში ემსგავსება ესტროგენის მოქმედებას. დიდი რაოდენობით სოიოზე დამზადებულ ცილოვან დანამატების მოხმარება პოტენციურად ხელს უწყობს გინეკომასტიას.
- გაურკვეველი წარმოშობის დანამატები:
დანამატების ინდუსტრიაში რეგულირების ნაკლებობა იწვევს ეჭვს პროდუქტის სანდოობასა და უსაფრთხოებაში. ზოგიერთ დანამატში შეიძლება იყოს გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება, რამაც შეიძლება დაარღვიოს ჰორმონალური ბალანსი და გამოიწვიოს გინეკომასტია. ნებისმიერი დანამატის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია აირჩიოთ სანდო რეპუტაციის მქონე ბრენდები და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
რა არის ანაბოლური სტეროიდები?
ანაბოლური სტეროიდები არის სინთეზური ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთოვანი ქსოვილის ზრდასა და აღდგენას. ისინი მიემსგავსებიან მამრობითი სქესის ჰორმონს, ტესტოსტერონს.
როგორ მოქმედებს ანაბოლური სტეროიდები სხეულზე?
ადამიანები, რომლებიც იყენებენ ანაბოლურ სტეროიდებს, განიცდიან კუნთების სიძლიერის ზრდას ძალიან სწრაფად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ ივარჯიშონ უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
არსებობს ანაბოლური სტეროიდების ლეგიტიმური სამედიცინო გამოყენება. ექიმები მათ ნიშნავენ ჰორმონალური პრობლემების სამკურნალოდ (მაგალითად, მამაკაცებში დაგვიანებული პუბერტატის ან კუნთების დაკარგვისას, რომელიც გამოწვეულია ისეთი დაავადებებით, როგორიცაა კიბო ან აივ).
თუმცა, არც ისე იშვიათად ვხვდებით ანაბოლური სტეროიდების ბოროტ გამოყენებას.
ანაბოლური სტეროიდები შეიძლება იყოს ტაბლეტების, კაფსულების ან საინექციო სითხეების სახით, ეს დამოკიდებულია სტეროიდის ტიპზე.
მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტოს მიერ გამოცემული აკრძალული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.
გინეკომასტიის სიმპტომები:
გინეკომასტიის პირველადი სიმპტომი მამაკაცებში არის მკერდის ქსოვილის გადიდება. ამას შეიძლება თან ახლდეს მგრძნობელობის მომატება, შეშუპება და ტკივილი დაზიანებულ მხარეს. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ გინეკომასტია და ფსევდოგინეკომასტია, რომლის დროსაც მკერდის გადიდება ჭარბი ცხიმოვანი დეპოზიტების გამო ხდება და არა ჯირკვლის ქსოვილის.
ზემოთ ხსენებული სიმპომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები. დროული დიაგნოსტირება და სწორად შერჩეული მკურნალობა გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელი პირობაა.
დიაგნოსტიკა:
ფიზიკური გამოკვლევა:
გულმკერდის არეალის საფუძვლიანი გამოკვლევა მკერდის ქსოვილის ზომისა და კონსისტენციის შესაფასებლად.
ანთების, სიწითლის ან გამონადენის ნებისმიერი ნიშნის შეფასება მკერდის მიდამოში.
სამედიცინო ისტორია:
მედიკამენტების, ნარკოტიკების მოხმარების და ნებისმიერი ჰორმონალური დისბალანსის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ექიმის მიერ.
სისხლის ტესტები:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- ტესტოსტერონი;
- ესტროგენი;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ( TSH, FT3, FT4);
- ღვიძლის ფუნქციური ტესტები.
ასევე შეიძლება რეკომენდებული იყოს ანალიზები სხვა ჰორმონების მხრივაც:
- LH (მალუთეინიზირებელი ჰორმონი)
- FSH (ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი)
- ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG).
კვლევები:
- ულტრაბგერითი კვლევა;
- CT / MRT (საჭიროების შემთხვევაში);
- მამოგრაფია: სარძევე ჯირკვლის ქსოვილის რენტგენოლოგიური გამოსახულება გინეკომასტიისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს გასარჩევად;
- ბიოფსია (იშვიათ შემთხვევებში);
- სათესლე ჯირკვლის ულტრაბგერა.
მკურნალობის მეთოდები:
გინეკომასტიის შემთხვევების უმეტესობა ვითარდება პუბერტატის დროს. როგორც წესი, მდგომარეობა თავისთავად უმჯობესდება მკურნალობის გარეშე. ამას შეიძლება დასჭირდეს 6 თვიდან 2 - 3 წლამდე.
მედიკამენტით გამოწვეული მკერდის გადიდებას დროს, შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
თუ, რომელიმე დაავადება იწვევს ამ მდგომარეობას, აუცილებელია დაავადების დაუყოვნებლივ მკურნალობა.
გინეკომასტიის სამკურნალოდ, ჰორმონალური თერაპია შეიძლება გახდეს საჭირო. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა, დამატებითი ქსოვილის მოსაშორებლად.
პრევენცია:
- ინფორმირებული არჩევანი:
სანამ რაიმე დანამატს შეიტანთ თქვენს ფიტნეს რეჟიმში, საფუძვლიანად შეისწავლეთ მისი ინგრედიენტები და პოტენციური გვერდითი მოვლენები. თუ დანამატის მიღებას აპირებთ, აირჩიეთ ის, რომლის ეტიკეტიც სრულად აღწერს მასში შემავალ ნივთიერებებს. აუცილებლად მოერიდეთ ისეთ ნაერთებს, რომლებიც არღვევენ ჰორმონალურ ბალანსს. - გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
ნებისმიერი დანამატის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ან იღებთ მედიკამენტებს. ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ პერსონალური რჩევები თქვენი სამედიცინო ისტორიის საფუძველზე. - ადრეული ნიშნების მონიტორინგი:
იყავით ყურადღებით გინეკომასტიის ადრეული ნიშნების მიმართ, მათ შორის სარძევე ჯირკვლის მგრძნობელობის მომატება, შეშუპება ან ტკივილი. თუ ეს სიმპტომები წარმოიქმნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს პრობლემის მოსაგვარებლად.
საკვები დანამატები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფიტნესის მოყვარულთა რუტინაში, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ, მათ შორის გინეკომასტიის რისკის შესახებ. ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ექიმთან დროული კონსულტაცია და ადრეული ნიშნების მონიტორინგი აუცილებელი ნაბიჯია ამ არასასურველი შედეგის თავიდან ასაცილებლად.
ფიტნეს მიზნების მიღწევასა და ჯანმრთელობის დაცვას შორის ბალანსის დამყარება წარმატებული და ჯანსაღი ცხოვრების გასაღებია.
®