რაგბი

19:10 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ოლ ბლექსი XV-თან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტების სერია გახსნა და საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ოლ ბლექსი XV-ს გაეჯიბრა, რომლის წინააღმდეგ 13:31 დამარცხდა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, როცა მე-9 წუთზე ვანო კარკაძემ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, ხოლო ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

თუმცა, ამის შემდეგ ზელანდიელები დაეუფლნენ უპირატესობას და სულ მალე მოახერხეს საპასუხო გარდასახული ლელოს გატანა. პირველივე ტაიმში მეტოქემ მეორე ლელო მიითვალა და წინ გავიდა. მატკავამ ამას ჯარიმით უპასუხა, თუმცა გარდამტეხი გამოდგა ვასილ ლობჟანიძის სინ ბინი, რითაც მეტოქემ ისარგებლა და უპირატესობაში ოლ ბლექსმა ლელო დადო. საბოლოოდ, პირველი ტაიმი რიჩარდ ქოქრელის გუნდმა 13:19 წააგო.

მეორე ნახევარში ზელანდიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და მათ კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების აქტივში ერთი ლელოა, რომელიც კარკაძის აქტივშია, ხოლო ლუკა მატკავამ 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა გაიტანა, შესაბამისად, 13 ქულაც ასე დააგროვა.

„ბორჯღალოსნები“ მომდევნო ტესტ-მატჩს 17 ნოემბერს, გენუაში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო 24 ნოემბერს, თბილისში, ტონგას დაუხვდებიან.

საქართველო - ოლ ბლექსი XV 13:31 (13:19)

0.125716