რაგბი

16:00 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 32:20 ლელო

crocobet დიდი 10-ის მე-8 ტურის მესამე მატჩში, თბილისურ დერბიში ‘არმიამ’ ‘ლელო სარასენსს’ 32:20 სძლია და ლიდერთა შორის რჩება.

ელიტაში დაბრუნებული “არმიელებისთვის” ეს მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვებაა და 24 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ‘ლელომ’ მეექვსე მარცხი განიცადა, 11 ქულა დარჩა და კვლავ ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.

“ავჭალაზე” ანგარიში ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმით გახსნა. მეორე ჯერზე მისი დარტყმა არაზუსტი იყო, მე-12 წუთზე კი 10 წუთით კაცნაკლული დარჩა - მოლის განზრახ ჩაქცევისთვის ყვითელი ბარათი ვაჟა მაისურაძემ მიიღო. ‘არმიამ’ რიცხობრივი უპირატესობა მე-20 წუთზე გამოიყენა, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე სანდრო ნახუცრიშვილამდე ჩათამაშდა, რომელიც აჩქარდა და ლელო ალამთან გაიტანა.

მამუკა ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახვის შემდეგ, მონაგარს კიდევ ორი ჯარიმა შემატა. ტაიმის ბოლოს ‘ლელო’ ერთხელაც დარჩა კაცნაკლული. ამჯერად ყვითელი ბარათი ბექა გელხვიძემ მიიღო, თუმცა თანაფარდობა მალევე, ‘არმიელი’ გიორგი ჭურაძის სინბინის შემდეგ აღდგა და ყიასაშვილმა ჯარიმით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 13:6.

თამაში რომ განახლდა ‘ლელომ’ 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ ხაზზე გაშალა შეტევა, გიორგი ბოლქვაძე ჭრაზე სისწრაფეში შევიდა და სტუმართა პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, ყიასაშვილმა კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ამას მოყვა 17-წუთიანი მონაკვეთი, როდესაც მასპინძლებმა 3 ლელო გაიტანეს და მატჩის ბედიც პრაქტიკულად ნაადრევად გადაწყვიტეს.

‘არმიამ’ ლიდერობა 45-ე წუთზე დაიბრუნა, როდესაც მოლი ირაკლი ქვათაძის ლელოთი დასრულდა. ამას მერლს პიტერსის შესანიშნავი თამაში მოყვა, რომელმაც ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი გაჭრა, სისწრაფე აკრიფა და ოფლოუდით ლელოში ლაშა ბარბაქაძე შეუშვა. 59-ე წუთზე ქვათაძემ ლელოთი კიდევ ერთი მოლი დაასრულა, ნინიძემ კი სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა.

სტუმრები გააქტიურდნენ და დასკვნით წუთებში რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს. მოლის განზრახ ჩაქცევისთვის ყვითელი ბარათი ჯესი მაროვიამ მიიღო. ამით ‘ლელომ’ 72-ე წუთზე ისარგებლა, დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა და გიორგი სპანდერაშვილმა შექცეული პასის შემდეგ ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘არმიამ’ 32:20 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვანო ბერიკაშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.11882