ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 12 უპასუხო ლელო გაუტანა, 80:12 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში ერთი დღით დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნა.
ჩემპიონს ამ მოგების შემდეგ 32 ქულა დაუგროვდა და ‘არესს’ 2-ით გაუსწრო. ამავდროულად, ჩემპიონმა ‘ყოჩებისგან’ “სარბიელის სინიც” გადაიბარა და მისი დაცვა მომდევნო ტურში მოუწევს. ბოლნისელებს 9 ქულა დარჩათ და კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზე რჩებიან.
მასპინძლებს პირველ ტაიმში დისციპლინის პრობლემები ქონდათ, ხშირად ჯარიმდებოდნენ და სტუმრები შესვენებამდე თამაშში დარჩნენ. ბაჩუკი ბარათაშვილის სინბინის შემდეგ ‘აია’ კაცნაკლული დარჩა, თუმცა მე-13 წუთზე პირველად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, ნოდარ დოლიძემ შერკინებიდან თავად შეუტია და ლელოთი ანგარიში გახსნა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა.
სანდრო ფურცხვანიძემ ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 24-ე წუთზე კაცნაკლული უკვე სტუმრები დარჩნენ, ყვითელი ბარათი ჯონი თორღვაშვილმა მიიღო და ‘აიამ’ მეტოქის 22-ში მეორე შესვლით მეორე ლელო გაიტანა - 5-მეტრიანი დერეფნიდან გათამაშებული კომბინაცია ილია გაბისონიას 5 ქულით დასრულდა. ფურცხვანიძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 35-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა.
ამის შემდეგ მასპინძლები ინიციატივას სრულად დაეუფლნენ და ჯერ კიდევ შესვენებამდე ორი ლელო გაიტანეს. 38-ე წუთზე ხელდახელ შეტევის შემდეგ ტიმოთი მბოლა ორ მცველს მარტივად გასცდა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო გიორგი ნიკოლაძემ ძალისმიერი ლელო შეიტანა. ბაბუნაშვილმა ორივე გარდასახა - 26:12.
მეორე ტაიმში ‘ყოჩებს’ პრაქტიკულად აღარაფერი გამოუვიდა, ქუთაისელებმა კი ნაირ-ნაირი ლელოები მიითვალეს. თავი თემურ კოხოძემ, ანზორ სარალიძემ (2), საბა ხონელიძემ, ჯიუტა მბატირერენგამ (2), ოთარ მეტრეველმა და ალეკო გიგაშვილმა გამოიჩინეს. ჯამში 10 გარდასახვიდან 5 ბაბუნაშვილის ანგარიშზეა, 4 ელგუჯა მახარეიშვილის, ხოლო ბოლო დარტყმა ირაკლი სიმსივემ შეასრულა - 80:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიუტა მბატირერენგა გახდა.
RUGBY.GE