ფეხბურთი

23:45 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "გვინდა, რომ პირველ ადგილზე "ინტერთან" მატჩის შემდგომაც ვიყოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საკითხზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, სურთ ლიდერის პოზიცია ამ მატჩის შემდეგაც შეინარჩუნონ, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ნაპოლი“ მილანში არ დამარცხდება.

„ყოველთვის სასიამოვნოა იქ დაბრუნება, სადაც ვმუშაობ, ემოციებით დამუხტული ვარ, დროში უკან ბრუნდები, გარდაუვალია ბევრ რამეზე ფიქრი. „ინტერში“ ორი ბედნიერი წელი გავატარე, პირველ სეზონში მეორე ადგილზე გავედით და ევროპა ლიგის ფინალში ვითამაშეთ, მეორე წელს სკუდეტო მოვიგეთ. მშვენიერი გამოცდილება იყო, რომელიც ყოველთვის ჩემში იქნება, ისევე, როგორც ის კლუბები, სადაც ვიმუშავე.

ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა იქნება, მაგრამ მხოლოდ 3 ქულაა. ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც სხვა გუნდებთან შედარებით სხვა სიმაღლეზეა. ეს მათი დამსახურებაა, რადგან ხელმძღვანელობამ, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა კარგად იმუშავეს. გვინდა 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ, წინასწარ არაფერს დავთმობთ, ვნახოთ რა მოხდება. კარგი ტესტი იქნება, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ ადგილზე ვართ და ჩვენი მიზანია მატჩის მერეც შევინარჩუნოთ ლიდერობა.

ყოველ პრესკონფერენციაზე ლუკაკუზე შეკითხვაა, საკმარისია. ეს არ არის მოსაბეზრებელი, მაგრამ გუნდზე ვისაუბროთ, ერთ ფეხბურთელს არ შეუძლია გუნდზე მაღლა დადგომა, მთავარია გუნდი, შემდეგ მოდიან ინდივიდები, რომლებიც ერთიანობით ქმნიან სიძლიერეს. თუმცა, თავდაჯერებული ვარ, რადგან ყოველდღე ვხედავ ფეხბურთელებისგან გაუმჯობესების სურვილს. ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა თუნდაც სხვების გამო არასწორია.

ლობოტკას ყველა ვიცნობთ, ის გილმორმა კარგად შეცვალა. ამ კვირაში ვარჯიშობს და თამაში შეუძლია, მაგრამ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ძირითადიდან ითამაშებს თუ შეცვლაზე.

ჩვეულებრივი კვირა იყო, ვიმუშავეთ, არა მხოლოდ ტაქტიკურად და ფიზიკურად, არამედ ასევე ვიდეო ანალიზზე. მოგებულ თამაშს ვაანალიზებთ და ცხადია, წაგებულ მატჩსაც. ბევრი რამ იყო შესაფასებელი, გასარკვევი.

„ინტერს“ „მუშტების დარტყმა“ არ უნდა ვაცადოთ, ცხადია, სპარინგპარტნიორი არ უნდა ვიყოთ, ეს არ არის ჩვენი იდეა. მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების წარმოსაჩენად გავალთ, ვეცდებით, ის თამაში ვაჩვენოთ, რაზეც ვიმუშავეთ და ვფიქრობ, შედეგის მიუხედავად, სწორედ ეს ასპექტია მთავარი განვითარებაში.

ყველა კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი, ყველაფერზე ვმუშაობთ, 4 ქულაა სხვაობა ექვს გუნდს შორის და ეს ძალიან კარგად მეტყველებს, როგორი რთული სეზონია“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.830862