ფეხბურთი

20:51 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "რთული პერიოდი გვაქვს, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიის ჩვენებას ვერ ვახერხებთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, გუნდს არ აქვს კარგი პერიოდი, მაგრამ სჯერა, რომ კრიზისის დაძლევას მალე მოახერხებენ.

„რა თქმა უნდა, ახლა მხიარულების დრო არ არის. მადლობელი ვარ, რომ ისევ აქ ვარ, მაგრამ სიტუაცია რთულია. მინდა, ხვალ პრაქტიკაში ვნახო ის, რაზეც ვსაუბრობთ. გვაქვს დაცვითი პრობლემა, მაგრამ შანსია, რომ გამარჯვება ისევ მოიპოვოთ. არ მინდა, ასე ვთქვა, კონკრეტულად რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, ბოლო მატჩები წავაგეთ და სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ. რამდენიმე ღამის განმავლობაში ვფიქრობდი, მაქვს კლუბის მხარდაჭერა და ვფიქრობ, გამოსავალი ვიპოვეთ. თუმცა, ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რადგან სიტყვები უბრალოდ ქარს მიაქვს.

მბაპე ნაკრებში არ გამოიძახეს? სხვა მწვრთნელის არჩევანი ჩემი შესაფასებელი არ არის, მაგრამ ეს უნდა მივიღოთ. თუმცა, ამ თემაზე კილიანს დაველაპარაკები, ის ვარჯიშობს და ვხედავ, რომ მოტივირებულია, ამავდროულად, იმედგაცრუებულიც. პირად დონეზე მას იგივე პრობლემა აქვს, რაც მთელ გუნდს - ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია არ გვიჩვენებია. იგივე ეხება ვინისიუსს, როდრიგოს, ბელინგემს - ყველა რთულ პერიოდს განიცდის. თუმცა, ეს ნორმალურია, ფეხბურთში არის დამარცხებებიც, უნდა შეეგუო ამას და ასევე არასდროს უნდა დანებდე“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ ლა ლიგაში 9 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.132048