2024 წლის შემოდგომის ტესტებზე ბორჯღალოსნებს ახალი, 35-ე კაპიტანი ეყოლება. 10 ნოემბერს ოლ ბლექს XV-ის, 17 ნოემბერს იტალიის და 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ, გუნდს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება.
28 წლის მორაგბე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია რიჩარდ ქოქრილის მიერ შერჩეულ საშემოდგომო რაზმში. მისი სანაკრებო დებიუტი 2015 წელს გერმანიასთან შედგა და იმავე წელს, 17 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც მსოფლიო თასზე უთამაშია. დღემდე მან უკვე სამ მსოფლიო თასზე ითამაშა და ჯამში 87 კეპი მოაგროვა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც 50 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. ლობჟანიძის ანგარიშზე 78 ქულაა (15 ლელო, 1 არეკნი).
„ისე მოხდა, რომ ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან და მე მომიწია კაპიტნობა. კარგად მესმის ეს რამხელა პასუხისმგებლობაა, ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მომიწია. დიდი იმედი მაქვს ბიჭების, რომლებიც გვერდში მიდგანან და დარწმუნებული ვარ მათი დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება“ - ამბობს ბორჯღალოსნების 35-ე კაპიტანი.
სავარჯიშო კვირა
2024 წლის შემაჯამებელი ტესტ-მატჩების წინ, მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ბორჯღალოსნებმა გასულ კვირაში 3-დღიანი შეკრება გაიარეს. ამის შემდეგ ლეგიონერები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, ორშაბათიდან კი პირველი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ:
„გასულ კვირაში ორი სავარჯიშო დღე გვქონდა. ძალიან დაბალ ტემპში გავიარეთ ის სისტემები, რომლის გამოყენებასაც მომავალ თამაშებში ვაპირებთ. ნაყოფიერი შეკრება იყო, რაც ორშაბათის ვარჯიშზე გამოჩნდა. აშკარად ჩანდა, რომ ბევრი რამ გავლილი გვქონდა და ხარისხიანი ვარჯიში შედგა“ - აღნიშნავს ვასილ ლობჟანიძე და განაგრძობს:
„ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ ჩვენს თამაშში მცირედი ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, ზაფხულში წარმატებული ტურნე გვქონდა და ასე იქნება ახლაც“.
მეტოქეების შესახებ
ბორჯღალოსნები პირველ თამაშს 10 ნოემბერს საფრანგეთში, მონპელიეში ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ახალ ზელანდიას მსოფლიო თასს მიღმა ეთმაშება.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდიის მეორე გუნდი ქვია, ოლ ბლექს XV ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია. სახელი არაფერს ცვლის. ვფიქრობ, ის ზელანდიის პირველ გუნდს რომ შეხვდეს თამაში ქულა-ქულაში წავა. მის შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეები თამაშობენ. ნაწილს ეროვნული გუნდის კეპი აქვს, ყველა მათგანი სუპერ რაგბის კლუბების მოთამაშეა“.
„პირველი გუნდის მსგავსად, ისინიც ცდილობენ გაშლილი, ხელდახელ რაგბი ითამაშონ. კარგად დგანან დაცვაში და ყველა მოთამაშე ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. ფაქტობრივად არაფრისგან შეუძლიათ მომენტის შექმნა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“.
17 ნოემბერს საქართველო იტალიას გენუაში, 17:40 საათზე ეთამაშება. ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა 2022 წლის შემდეგ, როდესაც ბორჯღალოსნებმა მეტოქე ბათუმში პირველად დაამარცხეს - 28:19.
„მათ შემადგენლობას გადავხედე და ფაქტობრივად ყველა უძლიერესი მოთამაშე ყავთ გამოძახებული. დაუძახეს ყველა ლეგიონერს და ‘ბენეტონიც’ საკმაოდ ძლიერ ლიგაში ძალიან კარგად თამაშობს, რაც მისი მოთამაშეების მაღალ დონეზე მეტყველებს. იმედი მაქვს ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, თუმცა ამისათვის საკუთარ შესაძლებლობებს ასჯერ უნდა გადავაბიჯოთ და ყველა დეტალზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ“.
„2018 წელს ფლორენციაში ვითამაშეთ და ძალიან კარგად მახსოვს რამდენი ქართველი იყო ტრიბუნაზე. ყველგან საქართველოს დროშები ფრიალებდა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. იმედი მაქვს გენუაშიც იგივე ატმოსფერო იქნება და მათ გახარებას მოვახერხებთ“.
2024 წელს 24 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან მატჩით ვასრულებთ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.
„ტონგასთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება, მით უმეტეს რომ საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. მათ ახლახანს ითამაშეს წყნარი ოკეანის თასზე, შეთამაშებულები არიან და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათაც ყავთ კარგი ინდივიდუალისტები, თუმცა იმედი მაქვს შევძლებთ მათ დამარცხებას, წლის კარგ ნოტაზე დასრულებას და გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას“.
RUGBY.GE