ფეხბურთი

23:56 | 6.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილას" პირველი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე და კურიოზული პენალტი

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის მორიგი ორი მატჩი გაიმართა, რომელშიც მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ სამი ტური უდანაკარგოდ და გოლგაუშვებლად განვლო, მაგრამ მეოთხე ტურში „ბრიუგესთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა. ბელგიელებმა აშკარად აჯობეს უნაი ემერის გუნდს დამსახურებულად გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ჰანს ვანაკენმა პენალტით გაიტანა. პენალტით, რომელიც ძალიან კურიოზულად დაინიშნა: ემილიანო მარტინესმა ბურთი თამაშში შეიყვანა, მაგრამ ტაირონ მინგსმა გადაწყვიტა, რომ ასე არ იყო, ბურთი ხელში დაიჭირა და ისე დაუბრუნა მარტინესს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მინგსს ბურთის ხელში აღების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, ფეხით შეეძლო ბურთის მიგორება მეკარისთვის, მაგრამ რატომღაც ხელით თამაში გადაწყვიტა...

„ასტონ ვილას“ ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 27 ნოემბერს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. „ბრიუგეს“ აქტივში 6 ქულაა და წინ გასვლაზე „სელტიკთან“ მატჩი ელოდება.

პირველი გამარჯვება მოიპოვა დონეცკის „შახტარმა“, რომელმაც შინ „იანგ ბოიზი“ 2:1 დაამარცხა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ჯერ შვეიცარიელები იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მალევე ორჯერ გაიტანეს და მერე ანგარიში შეინარჩუნეს. ირაკლი აზაროვი ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა. „შახტარს“ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში პსვ ეინდჰოვენს ესტუმრება, ხოლო „იანგ ბოიზი“ უქულოდაა და „ატალანტას“ უმასპინძლებს.

„ბრიუგე“ – „ასტონ ვილა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ვანაკენი (52, პენ)

„შახტარი“ – „იანგ ბოიზი“ 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 იმერი (27), 1:1 ზუბკოვი (31), 2:1 სუდაკოვი (41)

0.132613