ფეხბურთი

18:38 | 6.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" დაუვიწყარი საღამო "სანტიაგო ბერნაბეუზე": ფაქტები და სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „მილანმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალთან“ დიდებულად ითამაშა და 3:1 მოიგო.

ეს ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი იყო, რადგან „მილანს“ მიმდინარე სეზონი იდეალურად ნამდვილად არ დაუწყია.

აღსანიშნავია, რომ „მილანი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მინიმუმ 3 გოლი ორჯერ გაუტანა - „როსონერიმ“ ეს 2009 წელს (3:2) და 2024 წელს (3:1) მოახერხა.

ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე „მილანმა“ სულ მეშვიდედ დაამარცხა „რეალი“, „სამეფო კლუბს“ კი, ამ ტურნირზე ამაზე მეტი მარცხი მხოლოდ ორი გუნდის წინააღმდეგ აქვს განცდილი - მადრიდული გრანდი მიუნხენის „ბაიერნმა“ 11-ჯერ და ტურინის „იუვენტუსმა“ 9-ჯერ დაამარცხა, მხოლოდ მათ ჩამორჩება „მილანი“.

სამიდან ერთი გოლი „რეალს“ ალვარო მორატამ გაუტანა, რომლის კარიერა სწორედ მადრიდული გრანდიდან დაიწყო. მორატამ მეშვიდედ დაამწუხრა თავისი ყოფილი გუნდი და საინტერესოა, რომ ამაზე მეტი გოლი მორატას სხვა გუნდის კარში არ გაუტანია. 7-დან 3 გოლი მან „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა (ორჯერ „იუვენტუსში“ თამაშის პერიოდში 2015 წელს, ერთხელ „მილანის“ მაისურით) და ჩემპიონთა ლიგაზე სხვა ესპანელ ფეხბურთელს „რეალისთვის“ 3 გოლი არ აქვს გატანილი.

„მილანი“ მესამე იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მინიმუმ ორჯერ დაამარცხა (2009-2010 და 2024-2025 წლების სეზონებში). ასევე ორჯერ მადრიდში „რომამ“ აჯობა „რეალს“ (2002-2003 და 2007-2008 წლების სეზონებში), ხოლო ტურინის „იუვენტუსმა“ ეს სამჯერ გააკეთა (1961-1962, 2008-2009 და 2017-2018 წლების სეზონებში).

ზოგადად, „იუვენტუსი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროთასებზე „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სამჯერ დაამარცხა.

0.11738