საქართველოს თასის ფინალში თბილისის „სპაერი“ ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალში „გაგრა“ დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
„გაგრამ“ კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი გიორგი ხარებაშვილის გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე გიორგი ცეცხლაძემ პენალტით წონასწორობა აღადგინა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა.
ანზორ კიღურაძის გუნდი 103-ე წუთზე საბა გეგიაძემ დააწინაურა და „სპაერი“ ახლოს იყო მოგებასთან, თუმცა, 120-ე წუთზე, „გაგრამ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც გიორგი ლომთაძემ ზუსტად შეასრულა და 2:2.
შედეგად, პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ზედიზედ 8 პენალტი (4-4) გუნდებმა ზუსტად შეასრულეს, მეხუთე დარტყმა „სპაერმა“ ვერ გაიტანა და „გაგრას“ შეეძლო გამარჯვება, ლევან გეგეჭკორს ბოლო პენალტი რომ გაეტანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. ამისთვის „გაგრა“ დაისაჯა, რადგან სერია გაგრძელდა და საბოლოოდ, „სპაერმა“ გაიმარჯვა პენალტების სერიაში - 5:4.
„სპაერი“ საქართველოს თასის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. ეს გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია.
„სპაერი“ – „გაგრა“ 2:2 პენ: 5:4 (0:1)
გოლები: 0:1 ხარებაშვილი (13), 1:1 ცეცხლაძე (48, პენ), 2:1 გეგიაძე (103), 2:2 ლომთაძე (120, პენ)