კალათბურთი

14:36 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის შედეგიანი თამაში NBA-ში და 1 მოხსნა ორმაგ დუბლამდე
სანდრო მამუკელაშვილმა 4 წუთში 5 ქულა დააგროვა

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ოკლაჰომა სიტის“ ესტუმრა და 86:102 დამარცხდა.

„ორლანდო“ პირველივე პერიოდში 13 ქულით ჩამორჩა და შემდეგ გაუჭირდა თამაშში დაბრუნება.

გოგა ბითაძე მიმდინარე სეზონში პირველად ძირითად შემადგენლობაში იყო და ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე: 27 წუთი, 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და 5 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 7 ნოემბერს, სტუმრად „ინდიანასთან“ გამართავს. აღსანიშნავია, რომ „ორლანდომ“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო.

დღესვე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, რომელიც სტუმრად ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ 104:113 დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პირველივე პერიოდი 26 ქულით(!) 40:14 მოიგო, მაგრამ შემდეგ სამივე პერიოდი ჩააგდო და დიდი უპირატესობა ხელიდან გაუშვა.

მამუკელაშვილმა 4 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულით გამოირჩა. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და 4 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 ნოემბერს, სტუმრად „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდება.

0.114289