ფეხბურთი

19:33 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "თავგანწირვის და ერთიანობის სურვილი დავიბრუნეთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ატალანტასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მისი გუნდი ერთიანია, შესაბამისად, წარმატებაც და წარუმატებლობაც ყველას დამსახურებაა და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის.

„ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც შარშან ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, დღესაც საუკეთესოებშია. გასპერინიმ საოცარი სამუშაო გასწია, მას დიდ პატივს ვცემ, როცა „იუვეში“ ვიყავი და ტრავმა მქონდა, მას ვთხოვდი პრიმავერაში ვეთამაშებინე ფორმის დასაბრუნებლად, როცა ის იქ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. შესანიშნავ შედეგებს მიაღწია, ეს არის რეალობა და მაგალითი.

ლობოტკა ვერ ითამაშებს, მაგრამ მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება. მცირე ტრავმა არ ჰქონდა, მოთმინებაა საჭირო. გილმორის თვისებებს ვიცნობ, კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, „ნაპოლიში“ მრავალი წელი მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

არ ვიცი, ეს არის თუ არა, სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროტურნირებისთვის მებრძოლებს შორის მატჩია, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ევროთასებზე დავბრუნდეთ.

კვარაცხელიამ და ლუკაკუმ დაცვით ფაზაში მოუმატეს? ეს ყველას დამსახურებაა. „ნაპოლიმ“ გასულ სეზონში 48 გოლი გაუშვა, მაგრამ ეს მხოლოდ მცველების ბრალი არ იყო, ისევე, როგორც დღეს დაცვის კარგი თამაში მხოლოდ მცველების დამსახურება არაა, არამედ 11 ფეხბურთელის, რომელიც ორივე ფაზაში ერთად თამაშობს. „მილანთან“ პირველი გოლიც ამის დამსახურებით გავიტანეთ, შეტევაში ყველა მონაწილეობდა. დავიბრუნეთ თავგანწირვის და ერთიანობის სურვილი.

პოლიტანო ლატერალის პოზიციაზე? ეს იდეა მისგან წამოვიდა, მითხრა, რომ მზად იყო ამ პოზიციაზე სათამაშოდ, შესანიშნავად თამაშობს, „ლეჩესთან“ ნგონგემაც კარგად ითამაშა ამ პოზიციაზე. ნგონგეს პოლიტანოს მსგავსი თვისებები უფრო აქვს, ვიდრე კვარას და ნერეშს.

კონტეს დამსახურება ამ „ნაპოლიში“? ვინც მიცნობს, იცის, რომ ასეთი რამ მაღიზიანებს, ერთი ადამიანის დამსახურების გამოყოფა გუნდურ წარმატებაში არ შეიძლება. „ნაპოლი“ იგებს და „ნაპოლი“ აგებს, არაფერ შუაშია იმის თქმა, რომ კონტე იგებს ან კონტე აგებს. ჩვენ ვიგებთ და ჩვენ ვაგებთ, ერთი ვართ კარგ და ცუდ მომენტებშიც. ჯერ მხოლოდ 10 ტური გავიდა, მაგრამ ყველას დამსახურებაა გამარჯვება, როგორც მარცხი.

მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემი გუნდისთვის ვლოცულობ. მე არ ვარ სასწაულმოქმედი, სასწაულების მოხდენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ მატჩი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

0.113429