ფეხბურთი

22:15 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა დი მარციო კვარაცხელიას კონტრაქტის მოლაპარაკებების დეტალებზე წერს

Sky Sport-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალების შესახებ წერს.

როგორც ის იტყობინება, „ნაპოლი“ სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით, რაც 8 მილიონს არ აღემატება. ფეხბურთელის გარემოცვის მოთხოვნა სეზონში 5 მილიონია, მაგრამ კონტრაქტის მესამე-მეოთხე წელს ხელფასის ავტომატური ზრდა 8-9 მილიონ ევრომდე.

თუმცა, მხარეებს შორის დისტანციის მთავარი მიზეზი გამოსასყიდი პუნქტია. ქართველის წარმომადგენლები ითხოვენ კონტრაქტში 80-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტის ჩასმას (80 მილიონის შეთავაზების შემთხვევაში "ნაპოლი" ვალდებული იქნება ის გაყიდოს). მეორე მხრივ, „ნაპოლიში" მიიჩნევენ, რომ 80 მილიონად კვარაცხელიას გაყიდვა არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება, შესაბამისად, გამოსასყიდი პუნქტის შეტანა ახალ კონტრაქტში არ სურთ.

მამუკა ჯუღელი იტალიაში რჩება და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას კიდევ უნდა შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი იტალიურ კლუბთან ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა.

0.115341