ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მე-100 თამაში ჩაატარა და გოლი გაიტანა, „მილანის“ წინააღმდეგ „სან სიროზე“, რითაც თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა.
იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში მაღალი ქულებით შეაფასა:
Calciomercato 7 ქულა: „მისთვის ერთი მომენტიც საკმარისია, როგორც ეს დღეს მოხდა პირველი ტაიმის ბოლოს და ლამაზი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. პირველად „მილანის“ წინააღმდეგ და ჩემპიონატში უკვე 5 გოლი აქვს“.
Tuttomercatoweb 8 ქულა: „გოლი ყველაზე საჭირო მომენტში გაიტანა: როცა „მილანი“ გამათანაბრებელ გოლს უახლოვდებოდა, ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, მე-5 სეზონში, საწყის 10 ტურში. კონტესთან მისი განვითარების პროცესი გრძელდება, განსაკუთრებით სიმწიფის და გამჭრიახობის თვალსაზრისით“.
Tuttonapoli 8 ქულა: „ჩემპიონის თამაში ჩაატარა: ბევრი მსხვერპლი გაიღო დაცვით ფაზაში გუნდის დასახმარებლად, შემდეგ სცენაზე გავიდა და საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლით გაიტანა“.
Eurosport 7 ქულა: „დიდებული გოლი, კიდევ ერთი ჩემპიონატის სტარტზე. როდესაც მეტოქეს უმიზნებს, ყოველთვის არის განცდა, რომ ყველა სხვასთან უპირატესობა აქვს“.
Calcionapoli1926 7.5 ქულა: „პირველ ტაიმში თითქმის არ ჩანდა და უმეტესად დაცვას ეხმარებოდა. თუმცა, დიდი ჩემპიონები ერთ წამში ანათებენ და პირველივე ტაიმის ბოლოს გოლი თავის სტილში გაიტანა, ლამაზი და მოულოდნელი დარტყმით, რითაც როგორც იქნა, „მილანს“ პირველად გაუტანა. მეორე ტაიმშიც, როგორც საწყის 45 წუთში ძირითადად დაცვას ეხმარებოდა, რითაც კონტე უდავოდ კმაყოფილი იქნება".
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 10 შეხვედრაში თავი 5 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. ბომბარდირთა დავაში ხვიჩას მხოლოდ მატეო რეტეგი, მარკუს ტურამი და დუშან ვლაჰოვიჩი უსწრებენ.
„ნაპოლი“ 25 ქულით ლიდერობს სერია A-ს და კონკურენტებს უკვე სერიოზული სიგნალი გაუგზავნა, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, ბერგამოს „ატალანტას“ დაუხვდება.