ფეხბურთი

1:38 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას პირველი გოლი "სან სიროზე", "ნაპოლიმ" "მილანიც" დაამარცხა
ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

იტალიის სერია A-ს მეათე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „მილანი“ დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

„აძურიმ“ პირველ ტურში „ვერონასთან“ რომ წააგო, მას შემდეგ 9 ტური გავიდა და 27 შესაძლებელი ქულიდან 25 მოიპოვა! ამ პერიოდში ნეაპოლელებმა მხოლოდ „იუვენტუსი“ ვერ დაამარცხეს.

„ნაპოლიმ“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა რომელუ ლუკაკუმ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს. ბელგიელმა თავი მეხუთე წუთზე გამოიჩინა, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა.

43-ე წუთზე უკვე კვარაცხელიამ დალაშქრა მასპინძელთა კარი, შორი მანძილიდან, შორეულ კუთხეში მაგრად დაარტყა და როგორც მერე გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მილანი“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ შექმნა, რაც შექმნა, ვერ გამოიყენა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ალვარო მორატას გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. „როსონერის“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ ეს „ნაპოლის“ გამარჯვებას არ აკნინებს. ქართველი შემტევი მოედანზე 77-ე წუთამდე იყო.

ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველად გაიტანა „სან სიროზე“, ასევე პირველად გაუტანა „მილანს“. აღსანიშნავია, რომ ქართველმა „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე მე-100 თამაში ჩაატარა და საიუბილეო შეხვედრა გოლით აღნიშნა. ხსენებულ 100 მატჩში კვარას აქტივში 30 გოლი და 23 საგოლე პასია.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 10 შეხვედრაში თავი 5 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. ბომბარდირთა დავაში ხვიჩას მხოლოდ მატეო რეტეგი, მარკუს ტურამი და დუშან ვლაჰოვიჩი უსწრებენ.

„ნაპოლი“ 25 ქულით ლიდერობს სერია A-ს და კონკურენტებს უკვე სერიოზული სიგნალი გაუგზავნა, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, ბერგამოს „ატალანტას“ დაუხვდება.

„მილანი“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (5), 0:2 კვარაცხელია (43)

0.116066