კალათბურთი

17:39 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია მოედანს 7 ქულით დაუბრუნდა!

სასიხარულო ამბავი ესპანეთიდან. “ლაბორალ კუჩას” ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც 24 აგვისტოს უნგრეთთან სანაკრებო მატჩში დაშავდა, სრულად მომჯობინდა და ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა.

ბასკები მშობლიურ “ფერნანდო ბუესა არენაზე” 7 869 მაყურებლის თვალწინ მალაგის “უნიკახას” დაუხვდნენ და მართალია, მე-2 ნახევარში მეტოქეს 13 ქულით აჯობეს, პირველი ტაიმის ჩამორჩენა ვეღარ “გადაფარეს” და 79:88 წააგეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14:17 წუთში კი 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. “თოკომ” 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2 საჯარიმო წაამატა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩას” რიგებში 21 ქულით საუკეთესო ესპანელი ფერნანდო სან ემეტერიო იყო, მალაგელებს კი 15-15 ქულით ლიტველმა მინდაუგას კუზმინსკასმა და ამერიკელმა რაიან ტოლსონმა ულიდერეს. ისიც ვთქვათ, რომ უილ ტომასმა, რომელსაც ქართული პასპორტი გააჩნია, “უნიკახას” 20:21 წუთში 9 ქულა და 4 მოხსნა შესძინა.

“ლაბორალ კუჩა”, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში ორივე მატჩი წაგებული აქვს, შიდა ასპარეზზე მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს სტუმრად “ანდორასთან” გამართავს, 15-ში კი ევროლიგაში სადებიუტო შეხვედრა ელის, შინ, ლიტვურ “ნეპტუნასთან”.

0.122621