ფეხბურთი

21:56 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ჩემთვის მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური ჯილდოები"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ანჟერთან“ მარცხის (2:4) შემდეგ ისაუბრა. ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ შედეგით ის იმედგაცრუებული დარჩა.

„რთულია საუბარი, ამ მატჩის მოგების ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, უნდა ვისწავლოთ და შემდეგ მატჩში უკეთესად ვითამაშებთ. თამაშის დროს უფრო მეტად თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, ნამდვილად არ ვიცი, რა გითხრათ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა? ეს სულაც არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია გუნდი, ქულების მოპოვება, გამარჯვების მოპოვება. ახლა ცოტა უფრო გართულდა ჩვენი მდგომარეობა, იმედია, შემდეგ მატჩებში უკეთესი შედეგები გვექნება და ქულებს მოვიპოვებთ. გოლები გავიტანეთ, თუმცა არასაკმარისი. ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდია“, - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მის გუნდს სულ 8 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც შვიდში ის უშუალოდ მონაწილეობდა (5 გოლი, 2 პასი), ის ერთადერთი გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმაც“ პენალტით გაიტანეს.

ქართველი ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში 5 გოლით მეოთხე ადგილზეა, მხოლოდ ბრედლი ბარკოლას (7 გოლი), ჯონათან დავიდს (6 გოლი) მეისონ გრინვუდს (6 გოლი) ჩამორჩება. სხვათა შორის, ორივე მათგანზე მეტი საგოლე პასი აქვს დავითაშვილს აქტივში.

„სენტ ეტიენი“ 9 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.

0.128191