„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლეჩესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით.
„ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით. მეტის მოთხოვნა ჩემი ფეხბურთელებისთვის არ შემიძლია, უბრალოდ ვთხოვ მათ, რომ ჩაკეტილი მეტოქეების წინააღმდეგ მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინონ. კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა მატჩი ძალიან რთულია, განსაკუთრებით ასეთი, როცა ბევრს უტევ, რადგან კონტრშეტევის საფრთხე არსებობს. „ლეჩეს“ ძალას სატურნირო ცხრილი არ ასახავს, დარწმუნებული ვარ, ისინი სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებენ.
„მილანთან“ მატჩზე ხვალიდან ვიფიქრებთ, ჩვენთვის სამ დღეში თამაში სიახლე იქნება. მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ტოპ-კლუბის წინააღმდეგ, „სან სიროზე“ სწორი მენტალიტეტით ვითამაშებთ”, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 22 ქულით ლიდერია და პირველ პოზიციას შეინარჩუნებს, უფრო მეტიც, მისი უახლოესი მდევრები, „ინტერი“ და „იუვენტუსი“ ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან.