ფეხბურთი

19:01 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სერია A-ში ზედიზედ მეოთხედ მოიგო და ისევ ლიდერია

„ნაპოლიმ“ სერია A-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ლიდერობას მეცხრე ტურის შემდეგაც შეინარჩუნებს.

ანტონიო კონტეს გუნდმა აუტსაიდერ „ლეჩეს“ უმასპინძლა, რომელთანაც ძალიან გაუჭირდა და ერთადერთი გვიანი გოლით მოიგო. 73-ე წუთზე მეტოქის კარი ახლო მანძილიდან ჯოვანი დი ლორენცომ დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, ქართველი შემტევი ანტონიო კონტემ დაასვენა, თუმცა თამაშიდან გამომდინარე მისი გამოყენება მაინც მოუწია, რადგან 72-ე წუთზე ის თამაშში ჩართო. ერთ წუთში „ნაპოლიმ“ გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა კომბინაციაში ხვიჩა არ მონაწილეობდა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 9 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ნაპოლი“ 22 ქულით ლიდერია და პირველ პოზიციას შეინარჩუნებს, უფრო მეტიც, მისი უახლოესი მდევრები, „ინტერი“ და „იუვენტუსი“ ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ნაპოლის“ აქამდე საკმაოდ ადვილი კალენდარი ჰქონდა, ახლა რთული კალენდარი ეწყება, მაგალითად, 29 ოქტომბერს, „მილანს“ „სან სიროზე“ ესტუმრება, მერეც, ზედიზედ მოუწევს „ატალანტასთან“, „ინტერთან“, „რომასთან", "ტორინოსა" და „ლაციოსთან“ მატჩები.

0.122706