„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლეჩესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საკითხზე დეტალურად ისაუბრა.
მას შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზეც დაუსვეს, რომელსაც კონტემ შემდეგნაირად უპასუხა:
„კონტრაქტის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიდის. რა თქმა უნდა, არსებობს დისკუსია კლუბს, ფეხბურთელის გარემოცვასა და თავად ფეხბურთელს შორის. არ მინდა ზუსტ დეტალებზე საუბარი, ამაზე შეიძლება კლუბმა და სპორტულმა დირექტორმა ისაუბრონ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ, რასაც ხვიჩასგან ვითხოვ, იმას აკეთებს, სეზონზეა ორიენტირებული. ის სერიოზული და კარგი ბიჭია, სამაგალითო პროფესიონალი. ეს სეზონი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ის ბოლომდე უნდა იყოს სეზონზე კონცენტრირებული. ვისურვებ, რომ მომავალში მხარეებმა ეს საკითხი მოაგვარონ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმება, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვიჩას ვთხოვ, რომ სეზონის ბოლომდე მაქსიმუმი გაიღოს, პატივი სცეს მაისურს, სხვა არაფერი მაინტერესებს, არც მას უნდა აინტერესებდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას მიაღწევენ თუ არა, ხვიჩა მთლიანად კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე, რასაც აკეთებს, თანაც კარგად. პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, დანარჩენს მომავალში ვნახავთ.
კვარას და ნერეშის ერთად თამაში? როდესაც მეტოქე 5 შემტევით გვიტევს, თავს განსხვავებულად ვიცავთ, ჩვენი გარემარბი უკან იწევს, მარჯვენა ფლანგზე ამას პოლიტანო აკეთებს. თუმცა, როცა ისეთ მეტოქეს შევხვდებით, რომელიც განსხვავებულად თამაშობს შეტევაში, შეიძლება ხვიჩა და ნერეში მოედანზე ერთადაც იყონ. რაც შეეხება პოლიტანოს შემცვლელს, ვარჯიშზე ვამუშავებთ სხვადასხვა სიტუაციას, შესაძლოა, მომავალში ამ შეკითხვაზე პასუხი მოედანზე დაინახოთ.
სკუდეტო? ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა სიტუაციას საუკეთესო პირობებში შევხვდეთ. სეზონი ვერონაში მარცხით დავიწყეთ, რაც მოსალოდნელი არ იყო და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ახლა, 8 ტურის შემდეგ ყველაფერი პირიქითაა, ლიდერები ვართ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, სისულელეების თქმა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც არასდროს არაფერი მოუგია, ხოლო ვინც მოიგო, იცის, რისი გაკეთებაა საჭირო, რომ გამარჯვება ისევ მოიპოვო. ვიმეორებ, ნებისმიერ შეუძლია თქვას ის, რაც უნდა, მაგრამ ხშირად შეფასებები სუბიექტურია. ახლა ლიდერები ვართ, მაგრამ ბალანსი უნდა ვიპოვოთ. იქნება მომენტები, როცა შედეგები უარყოფითი იქნება, მაგრამ ყველაფერი არ უნდა გადავყაროთ და ახლა, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ჰაერში არ უნდა ვიფრინოთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 19 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი, 26 ოქტომბერს, „ლეჩეს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.