ფეხბურთი

22:48 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "მილანის" პირველი გამარჯვება, "მონაკომ" "ცრვენა ზვეზდა" გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგა სამკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და მესამე ტურის საწყისი ორი მატჩი გაიმართა, რომელშიც მასპინძლებმა იმარჯვეს.

„მილანმა“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოახერხა სამი ქულის მოპოვება და შინ „ბრიუგე“ დაამარცხა. პაულუ ფონსეკას გუნდს არ ჰქონია ადვილი თამაში, მეტიც მატჩის სტარტზე სამჯერ გადაურჩა გოლს.

34-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და „როსონერი“ დაწინაურდა. ორიოდ წუთში „ბრიუგე“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რამაც თამაშზე დიდი გავლენა იქონია. თუმცა, ბელგიელებმა მაინც იბრძოლეს და მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. თუმცა, „ბრიუგემ“ მხოლოდ 10 წუთი შეინარჩუნა სასურველი ანგარიში. მერე ტიჯანი რეინდერსის ბენეფისი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

სხვათა შორის, „მილანის“ 16 წლის დებიუტანტმა ფრანჩესკო კამარდამაც გაიტანა, რომელზეც იტალიაში ძალიან დიდ იმედს ამყარებენ, გოლიც ძალიან ემოციურად იზეიმეს, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა... და მაინც, 16 წლისა და 226 დღის ასაკში შედგა კამარდას დებიუტი და ყველაზე ახალგაზრდა იტალიელია ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. „მილანსა“ და „ბრიუგეს“ სამი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ.

„მონაკომ“ საკუთარ მოედანზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ 5:1 გაანადგურა. „თავადებმა“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც, სადაც უკვე 7 ქულა აქვს. „მონაკოს“ რიგებში ტაკუმი მინამინომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ბრილ ემბოლომ, ვილფრიდ სინგომ და მაგნეს აკლიუჩემ შეაგდეს.

„მილანი“ – „ბრიუგე“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 პულიშიჩი (34), 1:1 საბე (51), 2:1 რეინდერსი (61), 3:1 რეინდერსი (71)

„მონაკო“ – „ცრვენა ზვეზდა“ 5:1 (2:1)

გოლები: 1:0 მინამინო (20), 1:1 ნდიაიე (27), 2:1 ემბოლო (45), 3:1 სინგო (54), 4:1 მინამინო (70), 5:1 აკლიუჩე (90)

0.110043