ფეხბურთი

17:10 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაზე: "გოგლიჩიძესთან ქართული დერბი წააგო, მაგრამ გადამწყვეტი იყო"

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მერვე ტურში „ემპოლისთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

თუმცა, ამის მიუხედავად იტალიური მედიისგან განსაკუთრებით კარგი შეფასებები არ მიუღია, რაც საკმაოდ ლოგიკურია, რადგან „ნაპოლის“ ცუდი თამაში ჰქონდა, ისევე, როგორც არც კვარა ბრწყინავდა.

Calciomercato 6.5 ქულა: „მძიმე დასაწყისი ჰქონდა, ბევრ სივრცეს ვერ პოულობდა. ბოლოს გამარჯვების მომტანი პენალტი მაინც გაიტანა“.

Tuttonapoli 6.5 ქულა: „თამაშში მცირედით იყო ჩართული, რაც სპინაცოლასგანაც მხარდაჭერის არარსებობითაც იყო გამოწვეული. მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო და პენალტი, რომელიც ძალიან ფასობდა, შესანიშნავად დაარტყა“.

Mediaset 6.5 ქულა: „ერთი საათი გამქრალი იყო, რომლის განმავლობაში თამაშში არც ჩანდა, მით უფრო, რომ განსხვავება ვერ მოახდინა. თუმცა, შემდეგ პენალტის დარტყმის პასუხისმგებლობა აიღო, რომელმაც შეცვალა ჩაკეტილი და ურთულესი თამაში. პენალტი ძალიან მშვიდად შეასრულა“.

Tuttomercatoweb 6 ქულა: „ ბურთი მეტისმეტად ბევრჯერ დაკარგა. დრიბლინგებიც ცოტა ჰქონდა და გოგლიჩიძესთან ქართული დერბიც წააგო. კვარას თამაში პენალტის წყალობით გადარჩა, რომელიც ძალიან ცივსისხლიანად შეასრულა, რაც 3 ქულის ტოლფასი გამოდგა“.

Calcionapoli24 6.5 ქულა: „პირველად ბურთს მე-20 წუთზე შეეხო, მაგრამ ნახევარი ქულით მეტი გოლის გამო დაიმსახურა“.

Casanapoli 6.5 ქულა: „გადამწყვეტი პენალტი, რომელიც მშვიდად დაარტყა. თუმცა, მთლიანობაში მისი თამაში აღმაფრთოვანებელი არ იყო. ნახევარი ქულით მეტი შეფასება გოლისთვის“.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 76-ე წუთამდე იყო. მის ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ 19 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

0.116814