ფეხბურთი

21:58 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და პლეი-ოფში ითამაშებს!
ისტორიაში პირველად ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევის ჯგუფი დაძლია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, რომელთანაც აუცილებლად მოგება სჭირდება ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად. გუნდმა მიზანს მიაღწია.

პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქეს კარისკენ დარტყმაც არ ჰქონდა, ხოლო სტუმართა მეკარემ ტაიმი 7 სეივით დაასრულა, მათ შორის, რამდენიმე რთულიც იყო. თუმცა, სვანაძის გუნდმა შესვენებამდე მომენტები ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარი კი, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ცუდად დაიწყო. მეტოქე ამჯერად უკვე უტევდა და 52-ე წუთზე შედეგსაც მიაღწიეს, როცა ისაკის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

ეს რთულ სიტუაციაში ჩავარდნას ნიშნავდა, ორი გოლი იყო გასატანი. სვანაძემ თამაშში ვასილიოს გორდეზიანი ჩართო, რამაც გაამართლა. 61-ე წუთზე „დინამო თბილისის“ ფორვარდმა თავური დარტყმით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ზეწოლა გაძლიერეს და მალევე გიორგი მაისურაძე იყო ახლოს გოლთან, მაგრამ მისი დარტყმა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

სამაგიეროდ, 71-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ გაიტანა, რომელმაც შორიდან დაარტყა და რიკოშეტი დაეხმარა, მაგრამ მთავარია, ბურთი ბადეში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 2:1.

ამრიგად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 10 ტურში 19 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს. პირველად მოხდა, რომ ახალგაზრდული (21-წლამდე ნაკრები) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფიდან გავიდა. მართალია, წინა ახალგაზრდულ ევროზე საქართველომ ითამაშა, მაგრამ მაშინ საგზური მასპინძლის სტატუსის გამო ერგო, ახლა ერთ ნაბიჯშია ფინალურ ტურნირზე საკვალიფიკაციოს დაძლევით მოხვდეს.

შესარჩევ ეტაპზე სულ 9 ჯგუფია, რომელთა გამარჯვებულები და პლუს, სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი პირდაპირ გავიდა ფინალურ ეტაპზე, ამას ემატება მასპინძელი სლოვაკეთი. დანარჩენი 3 საგზური 6 მეორეადგილოსანს შორის გათამაშდება, რომელთა შორისაა საქართველოც.

პლეი-ოფის ორმატჩიანი რაუნდი 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული, 6 ნაკრები წილისყრის შედეგად დაწყვილდება, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება.

ვთქვათ ისიც, რომ 9-დან რამდენიმე ჯგუფი 6-გუნდიანი, რამდენიმეც 5-გუნდიანი. საქართველო ექვსგუნდიან ჯგუფში იყო, ამიტომაც, ბოლოადგილოსანთან (გიბრალტართან) ქულები გაუნულდა, როცა საქმე მეორეადგილოსანთა ცხრილზე მიდგა, შესაბამისად, 13 ქულა აღმოაჩნდა, რაც საუკეთესო სამ მეორეადგილოსანში მოსახვედრად საკმარისი არ იყო. ამიტომ, პლეი-ოფში ითამაშებს.

საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:1 (0:0)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი; მაისურაძე (მორჩილაძე 70), ხვადაგიანი, უგრეხელიძე, აზაროვი; გაგნიძე (ოდიშვილი 84), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 54), ლომინაძე; ოდიშარია, კვერნაძე, აბუაშვილი (ეგოიანი 84)

გოლები: 0:1 ისაკი (52), 1:1 გორდეზიანი (61), 2:1 ლომინაძე (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (15) – 4 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:0

1. ნიდერლანდები 10 10 0 0 32 3 29 30
2. საქართველო 10 6 1 3 14 10 4 19
3. შვედეთი 10 5 2 3 25 10 15 17
4. ჩრდ. მაკედონია 10 4 0 6 8 15 -7 12
5. მოლდოვა 10 2 1 7 7 20 -13 7
6. გიბრალტარი 10 1 0 9 3 31 -28 3
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105034