ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოს ნაკრებთან მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველას შეუძლია ყველასთან მოგება.
„კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ძალიან დაბალანსებული ჯგუფია, სადაც ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერთან გამარჯვება. ვილი სანიოლი კარგად მუშაობს, ძლიერი, დალაგებული გუნდი ჰყავს. ისინი მიჩვეული არიან 5-კაციანი დაცვით თამაშს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზი არა ტაქტიკური უპირატესობაა, არამედ ის, რომ ჩვენი შანსი გამოვიყენეთ, რაც საქართველომ ვერ შეძლო. ისევე, როგორც უკრაინასთან, როცა მეტოქემ ერთი მომენტი გამოიყენა და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი. დღესაც ასე იყო, დაძაბულ მატჩებში ასე ხდება. ძალიან კმაყოფილი ვართ შედეგით და იმედი მაქვს, რომ ბოლო ორ მატჩშიც ასე იქნება.
კრისტიან ასლანიმ ძალიან კარგად ითამაშა, როგორც მთელმა გუნდმა. თუმცა, იყო მომენტები, როცა ცოტა ახლოს იყო მარცხენა მცველთან და სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით, მცირე ცვლილებები შევიტანეთ და ყველაფერი დალაგდა. მძიმე თამაში იყო, რადგან საქართველო ძალიან ძალიან რთული გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ფიზიკურად, ტაქტიკურად ძლიერი, დაუჯერებელია. რაც შეეხება, მადლობას გიხდით პატივისცემისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივისცემა თქვენ ამ ჟესტისთვის.
ძალიან ღია ჯგუფია, დღევანდელი შედეგების მიუხედავად ეს არ შეიცვლება - ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერთან მოგება, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოსთან სახლში წავაგეთ და სტუმრად მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ ბოლო ორი ტურიც ასეთივე დაძაბული იქნება. წინ ძალიან რთული ორი თამაში გველოდება, მაგრამ შანსი ყველას გვაქვს.
გავიმეორებ, რომ ჯგუფს ფავორიტი არ ჰყავს. რაც შეეხება წინა მატჩთან ცვლილებებს, ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმით, რომ სამი დღის წინ რთული თამაში გვქონდა, ბევრი ფეხბურთელი დაღლილი იყო, მათ გავესაუბრე და გადავწყვიტე, რომ გარკვეული ცვლილებები გაგვეკეთებინა. ისინი ამას გაგებით ეკიდებიან, რადგან ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და მადლობა მათ ამისთვის“, - თქვა სილვინიომ.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.