საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩის (0:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდი ხშირად არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც მარცხი განაპირობა.
„რთულია ჯერჯერობით გაანალიზება. ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ მათ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ და მათ გაიტანეს. ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და ეს არის მარცხის მთავარი მიზეზი.
ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენე გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდით, ალბანეთი ძირითადად დაცვიდან ითამაშებდა. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს არ გასჭირვებიათ ამ ტაქტიკასთან შეგუება, უბრალოდ, ბოლო პასი, ბოლო დარტყმა, ბოლო გადაწყვეტილება უმეტესად არასწორი იყო და შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის ჩვენება შეუძლებელია. ზოგჯერ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვჩქარობდით, როცა თამაშის დაწყნარება იყო საჭირო. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში შეცდომებზე ვისწავლით და გამოვასწორებთ. რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ დღევანდელი შედეგით.
წინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გქონდეს მეორე და მესამე ვარიანტები, სიტუაციიდან და მეტოქიდან გამომდინარე. გეთანხმებით, თავიდანვე საუკეთესო შემადგენლობა გავიყვანე მოედანზე და ავტომატურად, სათადარიგო სკამის პოტენციალი ნაკლები იყო. თუმცა, ეს არ არის იმ ფეხბურთელების კრიტიკა, რომლებიც სკამზე იყვნენ.
ქოჩორაშვილის პოზიციაზე უკეთესი ვარიანტი არ გვყავს. ამიტომ მოგვიწია გარკვეულწილად ტაქტიკის შეცვლა, უნდა შევეგუოთ, რომ მოგვიწევს სხვა ტაქტიკით და შემადგენლობით თამაში, მდგომარეობიდან გამომდინარე. მიქაუტაძეზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, კლუბში რა თქმა უნდა, რთული სიტუაცია აქვს, ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და არ დავივიწყებთ იმას, რაც ნაკრებისთვის გააკეთა. თუმცა, დღეს, ასევე წინა მატჩებში ეტყობოდა, რომ კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ აქვს. იმედია, მისი სიტუაცია გამოსწორდება, რადგან უთამაშებელი თუ იქნება, ეს არც მისთვის იქნება კარგი და ნაკრებსაც დაეტყობა“, - თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.