საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ალბანეთის ნაკრებთან მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, წაგებას არ იმსახურებდნენ და მეტოქის მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ გაუჭირდათ.
„დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში ფაქტობრივად არაფერი შეუქმნიათ, ერთი შეტევა გაგვეპარა და დავისაჯეთ. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. ძნელი იყო, რადგან ძალიან მჭიდროდ იცავდნენ თავს, უკნიდან გვეთამაშებოდნენ და გაგვიჭირდა გოლის გატანა. ჩვენი გოლი თამაშს გარდატეხავდა. რთულია ახლა იმის თქმა, რისი გამოსწორება შეიძლება, მეტი უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი თამაში და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
არ არის მარცხენა ფლანგზე ჩემი პოზიცია, მაგრამ ეროვნული ნაკრებია, სადაც მომიწევს თამაში იქ ვითამაშებ და დავეხმარები ჩემს ქვეყანას. დღეს უფრო გამიმარტივდა, რადგან მხოლოდ დაცვის ფაზაში ვიყავი მარცხენა მცველად და შეტევის ფაზაში 3 მცველზე ვეწყობოდით, ჩემი ოპტიმალური პოზიცია ცენტრალური მცველობაა“, - თქვა ლოჩოშვილმა.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.