რაგბი

21:54 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ლიდერის რთული გამარჯვება

პირველობის ლიდერმა ‘გორმა’ მიჯრით მეოთხე შეხვედრაც მოიგო, თუმცა სეზონში პრემიალური ქულის აღება პირველად ვერ მოახერხა. შიდა ქართლელები ლიდერობას 19 ქულით აგრძელებენ და თან მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებიან. მოწინავე სამეულში ‘წიქარამ’ და ‘ვეფხვებმა’ აინაცვლეს. დებიუტანტი ‘წიქარა’ ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო თავის მხრივ გარე კახელებს ასევე 3 ქულით აღემატება. ტურში უქულოდ დარჩენილმა ‘მათემ’ მე-4 პოზიციაზე ჩაინაცვლა და ‘ვეფხვებს’ 1 ქულით ჩამორჩა.

ოზურგეთის ‘არწივები’ 10 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. გურულები, მდევარ ‘ფოთსა’ და ‘დინოზავრს’ შესაბამისად 1 და 2 ქულით უსწრებენ. ცხრილში მე-8-9 პოზიციებს ‘რუსთავი’ და ‘ლოკომოტივი’ 5-5 ქულით ინაწილებენ. უქულოდ მყოფი ‘აკადემია-ლაშარი’ კი პირველობის აუტსაიდერად იქცა.

„ხარები არენაზე“, მე-4 ტურის სადებიუტო შეხვედრაში ‘რუსთავმა’ ‘გორს’ უმასპინძლა. ქართლური დერბი უაღრესად დაძაბული გამოდგა და ქომაგმა 2 რადიკალურად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი ნახევარი სტუმართა კარნახით წარიმართა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მელელოვემ, გორელთა ფიჯელმა შუამარბმა აპიმელეკი ნამბოლენგამ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო კვაჭ დიმა ხურცილავასა და მარბიელ გიორგი ქობალიას გატანილმა ლელოებმა შიდა ქართლელებს შესვენების წინ 28 ქულიანი უპირატესობა არგუნა. გორელთა მგეზავმა ბონდო აბაშიძემ ოთხივე რეალიზაცია გამოიყენა.

მეორე ნახევარი კი რუსთაველთა სრული უპირატესობით აღინიშნა. შუამარბ გურამ ქანდაურაშვილისა და მარბიელ ანდრო ღარიბაშვილის გარდასახული ლელოებით, მეორე ტაიმის შუაწელს მასპინძლებმა ანგარიშში არსებული დეფიციტი გაანახევრეს. დარჩენილ დროში ‘რუსთავი’ გააფთრებით უტევდა, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვემო ქართლელებს „ქამბექის“ განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ‘გორმა’ მატჩი 28:14 მოიგო.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘წიქარა’-‘მათეს’ შეხვედრის დიდმა ნაწილმა პირველობის დებიუტანტის საგრძნობი უპირატესობით ჩაიარა. ‘წიქარას’ წარმატებას სათავე ფულბეკ კლავდიუს ხუციშვილის გატანილმა ლელომ დაუდო. შემდგომში ხუციშვილმა „დუბლი“ გაიფორმა. ‘წიქარას’ მხრიდან წყვილი ლელოს გატანა ფრთა გიორგი ფოცხვერაშვილმაც მოახერხა. ბექა სხულუხიას შეგირდებმა მთლიანობაში მიჯრით 6 უპასუხო ლელო გაიტანეს, თუმცა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, რამაც ზემო იმერლებს მატჩის ბოლო 8 წუთში 3 ლელოს დადების შესაძლებლობა მისცა. ‘მათემ’ სამივე გარდასახვა გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა 20 ქულამდე შეამცირა. ‘წიქარამ’ პრემიალური ქულით – 41:21 იმარჯვა.

ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივ ‘არწივებს’ ‘ფოთმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. მართალია, მღლეტელ საბა ნებიერიძის გარდასახული ლელოთი გურულები მატჩის დებიუტში დაწინაურდნენ, თუმცა ფრთა ირაკლი სასანიასა და მარბიელი კაპიტნის დავით ივანოვის გატანილი ლელოების წყალობით კოლხები შესვენებაზე 3 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში კი ‘არწივებმა’ დაცვაში თამაში გაამკაცრა, ტემპს უმატა და სტუმრები გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა. საკუთრივ კი ლევან თხელიძის შეგირდებმა ფოთელებს დარჩენილ დროში 5 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით მოიგეს – 43:18. მარქაფადან ჩართულმა ‘არწივების’ კვაჭმა ტარიელ ჟორჟოლიანმა „დუბლი“ შეასრულა.

„აია არენაზე“, მატჩის ნომინალურ მასპინძელ წყალტუბოს ‘დინოზავრთან’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ დებიუტში მგეზავ ონისე ნიკოლაძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა შემდგომში იმერლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, „რკინიგზელებს“ მთლიანობაში 4-ით მეტი, 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულაც გამოიმუშავეს. ‘დინოზავრმა’ ლელოთა უმეტესობა ხელდახელ თამაშით, კომბინაციურ სტილში გაიტანა. წყალტუბოელთა წარმატებას საფუძველი მგეზავ დავით გობეჯიშვილის დადებულმა ლელომ ჩაუყარა. გობეჯიშვილმა ზუსტად შესრულებულ 3 გარდასახვასთან ერთად ჩინებული არეკნიც გაიტანა. ‘დინოზავრის’ კვაჭმა გიორგი თედორაძემ კი „დუბლი“ გაიფორმა – 48:22.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია-ლაშარმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ვერაფერი გააწყო. გარე კახელები პირველივე წუთებიდან უპირობო უპირატესობას ფლობდნენ რაც სტუმრებმა 9 უპასუხო გატანილ ლელოში ასახეს. აღსანიშნავია, რომ 9-ვე ლელო ‘პატარძეულის’ სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშსზეა. ‘ვეფხვების’ წარმატებას სათავე მხტომელ გუჯუ ალავიძის დადებულმა ლელომ დაუდო, წერტილი კი შუამარბ რატი პაპაშვილის გატანილმა ლელომ დაუსვა. სტუმართა ჰავბეკმა ლაშა გურგენიძემ 7 გარდასახვა გამოიყენა. გარე კახელებმა მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგეს – 62:0.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119464