ფეხბურთი

18:30 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისმაილი: "გოგლიჩიძეს დიდი მომავალი აქვს, საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს"

ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელმა არდიან ისმაილიმ საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ის „ემპოლიში“ საბა გოგლიჩიძის თანაგუნდელია და საუბარიც მის შესახებ დაიწყო.

„აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით, სხვა გზა არ გვაქვს. პირველი ადგილისთვის ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებით იქნება შესაძლებელები. გვჯერა, რომ ხვალ ამ სტადიონს სამი ქულით დავტოვებთ. ბოლო ორი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოსთან პირველი თამაშის წაგებას არ ვიმსახურებდით. სამი ქულისთვის ჩამოვედით, იმედია, ამას მოვახერხებთ.

კვარაცხელიას ყველა ვიცნობთ ხარისხით და უნარებით, რაც აქვს. თუმცა, როგორც პირველ შეხვედრაში შევძელით მისი შეჩერება, მჯერა, რომ ხვალაც შევაჩერებთ, რადგან გუნდურად ვითამაშებთ, განსაკუთრებით დაცვაში.

საბა უკვე ერთი წელია ჩვენთან ერთადაა „ემპოლიში“, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი აქვს. ზოგადად, საქართველოს ნაკრები კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რაც პირველ მატჩშიც ვნახეთ და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით.

ყველანაირად ვეცდებით, რომ ხვალ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. საქართველომ ტირანაში ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კონტრშეტევებზე. 3-5-2 ძალიან კარგად მუშაობდა, ხვალ კი, ჩვენი დავალება უკეთ უნდა შევასრულოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ტირანაში ფანების მხრიდან ჰიმნზე სტვენა? ჩვენ პროფესიონალები ვართ, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ, არ ვიცი, რა მოხდა პირველ მატჩში, ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ“, - თქვა ისმაილიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს, თამაში 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ალბანეთს აქამდე 16-ჯერ შეხვედრია და დიდ უპირატესობას ფლობს - 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

0.114816