სანდრო მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი მატჩი მიმდინარე სეზონში. მართალია, ჯერ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატი არ დაწყებულა, თუმცა საგამოფენო მატჩები სწორედ მისთვის მოსამზადებლად და გუნდის ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩევადაა საჭირო.
სანდროც ყოჩაღობს და როგორც ჩანს, სან ანტონიოს როტაციაში საკმაოდ კომფორტულ ადგილს დაიკავებს, სადაც სათამაშო დრო საკმარისად ექნება და დანარჩენი პირადად მასზე იქნება დამოკიდებული.
მესამე საგამოფენო შეხვედრა სფურსმა სან ანტონიოში იუტა ჯაზთან გამართა და 126:120 დაამარცხა.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთი გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 15 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მასზე მეტი სფურსის ერთ-ერთმა ლიდერმა, კელდონ ჯონსონმა ჩააგდო, რომელიც ასევე სათადარიგო იყო და 23 წუთში თავი 20 ქულას მოუყარა.
„სპურსი“ მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს მაიამიში გამართავს.
GBF.GE