ოქროს ბურთის მფლობელმა იგორ ბელანოვმა უკრაინა - საქართველოს მატჩზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ასეთ ძლიერ გუნდთან გამარჯვება უკრაინის ნაკრებს თავდაჯერებას შემატებს.
„ბიჭებმა ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში შანსები გაიუმჯობესეს. როდესაც იგებ, შთაბეჭდილებები საბოლოო ჯამში, მაინც დადებითია. ბიჭებმა გააცნობიერეს მატჩის მნიშვნელობა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, რადგან ფრე-მარცხის შემთხვევაში მიზნის მიღწევის შანსი თითქმის იკარგებოდა. გუნდმა იბრძოლა, თავდადებით ითამაშა და ამან საშუალება მისცა, რომ გაემარჯვა. მუდრიკმაც აჩვენა თავისი უნარი და მატჩის ბედი გადაწყვიტა. გამარჯვება უკრაინის ნაკრებს ჰაერივით სჭირდებოდა. ვიტყოდი, რომ საქართველოსთან მატჩი გადამწყვეტი იყო ჩვენი ნაკრების შემდგომი განვითარებისთვის.
კარგია, რომ მოვიგეთ, იმედი მაქვს, საქართველოსნაირ რთულ მეტოქესთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს თავდაჯერებას გაუზრდის და ჩეხეთთან დიდი მონდომებით ითამაშებენ, ყველაფერი მათ ხელშია, გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის შანსი საგრძნობლად გაიზრდება.
ცხრა ფეხბურთელი მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია. მით უმეტეს, რომ საუბარია ისეთ გამოცდილ მოთამაშეებზე, როგორებიც არიან სტეპანენკო, იარმოლენკო, მალინოვსკი, ზინჩენკო, ციგანკოვი და მიკოლენკო. საქართველოსთან თამაშამდე პრობლემა საკმაოდ სერიოზული ჩანდა, თუმცა, სერგეი რებროვს არსენალში ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ“, - თქვა ბელანოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.