საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე ტურის მატჩი ჩაატარა და პირველი მარცხი განიცადა. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად უკრაინის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა და უქულოდ დარჩა.
პირველ ტაიმში მთლიანობაში უკრაინის ნაკრები ფლობდა ინიციატივას, განსაკუთრებით, ტაიმის პირველ ნაწილში, როცა საქართველოს ნაკრები ძირითადად უბურთოდ იყო და ნახევარდაცვაში თამაშის კონტროლს ვერ ახერხებდა.
მე-12 წუთზე მატჩი შეწყდა, სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც 8 წუთი თამაში შეჩერდა და შემდეგ განახლდა. სწორედ ამის შემდეგ მოიპოვეს უკრაინელებმა უპირატესობა და მიუხედავად იმისა, რომ რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ შეუქმნიათ, გოლი მაინც გაიტანეს, პრაქტიკულად პირველივე შანსი მიხაილო მუდრიკმა გამოიყენა, როცა რამდენიმე მცველს აუარა გვერდი და ძალიან ზუსტად დაარტყა.
საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა, რამდენჯერმე გამწვავდა თამაში მეტოქის საჯარიმოსთან, ყველაზე კარგი მომენტი გიორგი ქოჩორაშვილს ჰქონდა, თუმცა ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა და ტაიმი მეტოქემ 1:0 მოიგო.
მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა გააზრებულად შეტევა, თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება, ხოლო უკრაინა კონტრშეტევების გამოყენებას ცდილობდა. შანსი გიორგი მიქაუტაძეს მიეცა, როცა ბურთზე იბრძოლა და თავადაც დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. მერე უკრაინასაც ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა ბრწყინვალედ.
დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. საქართველო დაეუფლა სათამაშო უპირატესობა, მაგრამ საგოლე მომენტი, რეალური, პრაქტიკულად არ ჰქონია, მხოლოდ შორეული და სუსტი ან ძალიან არაზუსტი დარტყმები იყო. მეორე ნახევარში ქოჩორაშვილმა გაფრთხილება მიიღო, რის გამოც ალბანეთთან დაგვაკლდება, დისკვალიფიკაცია აქვს...
საქართველომ 89-ე წუთზე კი შეძლო გატანა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის გოლი გაუქმდა, რადგან შეტევის დასაწყისში კვარაცხელიამ ითამაშა ბურთზე, რომელიც თამაშგარეში გახლდათ.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო, ეს ისტორიაში მეორე მარცხია ჩვენთვის ერთა ლიგაზე, პირველი 2020 წლის შემდეგ.
პარალელურად, ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთმა 2:0 აჯობა ალბანეთს. შესაბამისად, ჯგუფს საქართველო და ჩეხეთი 6-6 ქულით ლიდერობენ, უკრაინას და ალბანეთს 3-3 ქულა აქვთ.
მომდევნო ტურში, 14 ოქტომბერს, საქართველო ალბანეთს და უკრაინა ჩეხეთს უმასპინძლებს.
უკრაინა - საქართველო 1:0 (1:0)
პოზნანი, „ენეა სტადიონი“
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი (ზივზივაძე 82), კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (დავითაშვილი 71), კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (შენგელია 60); ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
უკრაინა (4-1-4-1): ტრუბინი; კონოპლია, ზაბარნი, ტალოვიეროვი, მატვიენკო; კალიუჟნი (კრისვიკი 90); ჰუცულიაკი (ზუბკოვი 75), სუდაკოვი (სვატოკი 90), შაპარენკო, მუდრიკი; დოვბიკი (იარემჩუკი 75)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
გოლი: 1:0 მუდრიკი (35)
გაფრთხილება: მატვიენკო (29), კალიუჟინი (45), კონოპლია (76), ტავოლიეროვი (79) - კაშია (11), დვალი (39), ქოჩორაშვილი (63), შენგელია (69)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 13 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: იულიან ვაინბერგერი (ავსტრია)
1. | საქართველო | 3 | 2 | 0 | 1 | 5 | 2 | 3 | 6 |
2. | ჩეხეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 6 | 0 | 6 |
3. | ალბანეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 4 | -2 | 3 |
4. | უკრაინა | 3 | 1 | 0 | 2 | 4 | 5 | -1 | 3 |