ფეხბურთი

20:35 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლიციამ საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელის მკვლელობის ვერსია არ დაადასტურა

საბერძნეთის ნაკრებისა და ათენის „პანათინაიკოსის“ ფეხბურთელის, ჯორჯ ბალდოკის გარდაცვალების მიზეზი ძალადობრივი ქმედება არ არის.

საბერძნეთის პოლიციამ ექსპერტიზის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის ცხედარი დაათვალიერეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულზე ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პოლიციამ მკვლელობის შესაძლებლობა გამორიცხა, რადგან სისხლჩაქცევები ან დაზიანებები სხეულს არ აღენიშნება. ასევე არ დადასტურდა, ქურდობის ვერსია, რაც სამართალდამცველებმა განიხილეს. სახლიდან ძვირფასი ნივთები წაღებული არ არის და პოლიციამ აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, უბედური შემთხვევა იყო.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ჯორჯ ბალდოკი აუზში გარდაცვლილი იპოვეს. ის ინგლისში დაიბადა, მაგრამ ბებიის ბერძნული წარმომავლობის გამო საბერძნეთის ნაკრებში 2022 წლიდან თამაშობდა და 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბალდოკმა ითამაშა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისშიც, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში, სადაც მოედანზე მე-60 წუთამდე იყო. ეს მისი ბოლო სანაკრებო შეხვედრაც გამოდგა.

ჯორჯ ბალდოკს 2017-2024 წლებში „შეფილდ იუნაიტედში“ ჰქონდა ნათამაშები, ხოლო გასულ ზაფხულს „პანათინაიკოსს“ შეუერთდა, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ათენურ გუნდში მან სულ ოთხჯერ ითამაშა, მათ შორის, ბოლოს ოთხი დღის წინ, პირეოსის "ოლიმპიაკოსთან".

0.115735