ფეხბურთი

17:20 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რებროვი: "ჩვენთვის ერთა ლიგა მუნდიალის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებელი ტურნირია"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც უკრაინელმა სპეციალისტმა თქვა, მათთვის ერთა ლიგა უფრო მეტად 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებელი ტურნირია.

„ეგორ იარმოლიუკს ვაკვირდებით, ის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, რომელსაც ეხმარება. სხვა ფეხბურთელები გამოვიძახეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი შანსს გამოიყენებენ.

ანდრეი იარმოლენკო არ არის ნაკრებში, რადგან ახლა დიდი კონკურენციაა. ზოგადად, ერთა ლიგას ვუყურებთ ტურნირს, სადაც შეგვიძლია დავაკვირდეთ ნაკრების კანდიდატებს. ანდრეის ველაპარაკე, ავუხსენი სიტუაცია და არ ვიცი, საიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ მასთან არ მისაუბრია. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და ავუხსენი ჩემი პოზიცია, რომ სხვებს უნდა მივცეთ შანსი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდში კონკურენცია. თუ ტრავმაა, მაშინ ვცდილობთ შემცვლელი ვიპოვოთ. გვჭირდება მინიმუმ ორი მოთამაშე ერთ პოზიციაზე. ჩვენ შანსს ყველას ვაძლევთ, ვნახოთ, თავს როგორ გამოიჩენენ, არა მხოლოდ ვარჯიშებზე, არამედ მატჩებშიც.

ჯგუფში ორი მატჩი წავაგეთ და ფეხბურთელებს ესმით, რომ შედეგის ჩვენების დროა. ერთა ლიგამდე მხოლოდ ამხანაგური მატჩები არსებობდა და მწვრთნელისთვის კანდიდატების გამოცდა უფრო ადვილი იყო, ახლა კი, ეს ოფიციალური მატჩებია. სამწუხაროდ, ორი წაგება გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ერთა ლიგა უფრო მეტად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ტურნირია. თუმცა, რა თქმა უნდა, ერთა ლიგიდანაც შეგვიძლია მოვხვდეთ 2026 წლის მუნდიალის პლეი-ოფში, ეს კიდევ ერთი დამატებითი შანსია. ვერ ვიტყვით, რომ ამ ორი მატჩის მოგება არ გვინდა. ზოგი ამბობს, რომ ჩვენ უბრალოდ ბურთს ვაკონტროლებთ, მაგრამ ჩეხეთთან 20 დარტყმა გვქონდა, ეს ესპანეთის ნაკრებისთვისაც კარგი სტატისტიკაა, თუმცა სამწუხაროდ მაინც წავაგეთ. ფეხბურთელები მოუთმენლად ელოდებიან ამ მატჩებს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ. ვეცდებით, რომ ხვალ გავიმარჯვოთ და ჩვენი დონე ვაჩვენოთ.

ლაშა დვალი? (ისინი ერთად ფერენცვაროშში მუშაობდნენ - რედ) ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, ღია, დადებითი ადამიანი და პროფესიონალი. მიხარია, რომ ხვალ მას შევხვდები. ვხედავ, რომ მან მოუმატა, კლუბში არ ვუყურებ მის თამაშებს, მაგრამ ვიცი, რომ ნაკრებში კარგად თამაშობს. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ“, - თქვა რებროვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ლიდერია, ხოლო სერგეი რებროვის გუნდი უქულოდ აუტსაიდერი. საქართველოს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

0.102708