ფეხბურთი

13:32 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ქვეყანამ იამაყოს"
"მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ოცნების რეალობად ქცევა შეგვიძლია"

ფიფას ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა ნაკრებზე, კლუბზე, მიზნებზე, ბავშვობაზე, მამობაზე და სხვა არაერთ თემაზე.

- ხვიჩა, ახლახან პირველად გახდი მამა. როგორია?

- ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. შვილის დაბადებად უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერად ვიღვიძებ და ვიმედოვნებ, რომ ყველა შეძლებს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერების განცდას.

- როგორ შეცვალა, როგორც ფეხბურთელის ცხოვრება მამობამ?

- კიდევ უფრო მოტივირებული გავხდი. უფრო მეტად იწყებ შრომას, რადგან იცი, რომ რასაც აკეთებ, ყველაფერი შენი შვილისთვისაა. ვიცი, რომ ამ ყველაფერს ჩემი შვილი დაინახავს, როცა გაიზრდება და ეს ძალიან მახარებს, ძნელია ამის სიტყვით გადმოცემა. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს მას ვუძღვნი, რათა მან ეს ნახოს, როცა გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ისიც ფეხბურთელი გახდება.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის სწავლებასაც თქვენი შვილისთვის ეცდებით?

- პირველ რიგში, მინდა ვასწავლო, რომ ძლიერი იყოს. ცხოვრება სირთულეებით სავსეა, მაგრამ უნდა იპოვო გზა მათ გადასალახად და ყოველთვის ასწიო თავი, როცა დაეცემი. მინდა, მან გადალახოს დაბრკოლებები და ყოველი გამოწვევა მიიღოს, რომელსაც ცხოვრება მისცემს. არ მაქვს კონკრეტული რჩევა, რასაც მივცემდი. ჩემი გზა საკმაოდ რთული იყო და მიზანმიმართულად, მონდომებით გავუმკლავდი თითოეულ გამოწვევას. ბედნიერი ვარ იმ გზით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში აქამდე გავიარე.

- როგორი იყავი ბავშვობაში, რაზე ოცნებობდა პატარა კვარაცხელია?

- ყოველთვის ვოცნებობდი პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ თავიდან ეს რეალური არ ჩანდა. როცა საქართველოს ნაკრების თამაშის საყურებლად დავდიოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ერთ დღეს მოედანზე მე გავიდოდი და ტრიბუნებიდან მხარს სხვა ბავშვები დამიჭირდნენ. გავაცნობიერე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია, თუ რწმენა გაქვს და სურვილი, რომ ყველაფერი გააკეთო მიზნისთვის. ოცნებები ხდება. ხვიჩა კვარაცხელიამ აისრულა ოცნება - გამხდარიყო ფეხბურთელი და თავისი ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა.

- რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრებში თამაში?

- მინდა, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. მჯერა, რომ ვეხმარები საქართველოს და საქართველო მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ქვეყანამ იამაყოს.

- გოლი გაიტანე კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან. რამდენად გასაოცარი იყო მასთან თამაში?

- ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა. მე ვითამაშე იმ ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელიც ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყო. თამაშის წინ ჩემს თავს ვუთხარი: „ეს ჩემი მომენტია“ და ვიცოდი, რომ ეს მოედანზე უნდა მეჩვენებინა. შენი კუმირის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა. წარმოუდგენელი იყო, ჩემთან მოვიდა და წარმატებები მისურვა. მჯეროდა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა, იმ საღამოს ყველაფერი გავიღე და ჩემს გუნდს ისტორიული შედეგის მიღწევაში დავეხმარე.

- მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარტში დაიწყება. რას ნიშნავს შენთვის იქ მოხვედრა?

- ბოლო რამდენიმე თვეში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ბევრი შეუძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ოცნება ასრულდეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვჯერა, რომ კვალიფიკაციის გადალახვა შეგვიძლია და ეს მთავარია. გვაქვს უნარი და ხასიათი, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ.

- არის თუ არა ასპექტები, რომელთა გაუმჯობესებას ცდილობ?

- ყველა მოთამაშეს აქვს უნარები, რომელთა გაუმჯობესება შეუძლია და არც მე ვარ გამონაკლისი. ამის მიღწევა შესაძლებელია ვარჯიშით. მინდა, ჩემი თამაშის ყველა ასპექტში მოვუმატო.

- რა გიბიძგებთ, რომ ყოველთვის ყველაფერი გასცეთ მოედანზე ყოფნისას?

- ფეხბურთის მიმართ სიყვარული. ყველაფერი მომცა. თავს თავისუფლად ვგრძნობ, როცა მოედანზე გავდივარ და ბედნიერი ვარ, როცა ბურთი მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გავაკეთო ის, რაც მიყვარს და რაც მინდა გავაკეთო.

- ანტონიო კონტეს ძალიან სურდა, რომ „ნაპოლიში“ დარჩენილიყავი. რამდენად გეხმარება მისი ნდობა?

- მიხარია, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. ის დიდი მწვრთნელია და მიხარია, რომ მასთან ვმუშაობ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ერთად ვცდილობ მოვუმატო ფიზიკურად და ტაქტიკურად. ვფიქრობ, მისი დახმარებით საკლუბო და საერთაშორისო დონეზე სასურველ შედეგებს მივაღწევ.

- ნომინირებული იყავი 2023 წელს ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი ჯილდოზე...

- მშვენიერი გრძნობა იყო. ამან მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია მომცა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ სცენაზე დავბრუნდე და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებ. ვმუშაობ ამ მიმართულებით და მტკიცედ მჯერა, რომ მთელი შრომა დამიფასდება.

- როგორც „ნაპოლის“, ისე ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთით ცხოვრობენ და სუნთქავენ. ხედავ მსგავსებს მათ შორის?

- მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, ფეხბურთის სიყვარულია. ეს სპორტი ორივესთვის განსაკუთრებულია და ამიტომაც არ მქონია პრობლემა და „ნაპოლიში“ კარგად დავმკვიდრდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის და ჩემი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების მხარდაჭერა მაქვს.

- კვარაცხელია, ჰოლანდი, მბაპე, ბელინგემი, იამალი, ვინისიუსი... ფეხბურთის ახლო მომავალი ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც ახლო წარსული იყო?

- ამ სახელებით ფეხბურთის მომავალი ალბათ საიმედო ხელშია, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ სპორტის ლეგენდებს, როგორიცაა მესი და რონალდუ. ისინი კვლავ თამაშობენ და მაღალ დონეზე. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად იმავე ეპოქაში ვითამაშე.

- და ბოლოს, რა არის შენი ოცნება მომავალ წლებში?

- ყველაფერს მეტად საქართველოსთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ და ჩემს კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ოცნებებს რეალობად ვაქცევ. საკლუბო ფეხბურთში ტიტულების მოგება მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა კი, ყველა ქართველის ოცნებაა. მჯერა, რომ ამით დავაფასებთ ყველას, ვინც წარსულში საქართველოს წარმოადგენდა. გვინდა ამ მიზანს მივაღწიოთ და ჩვენი ქვეყანა ვაამაყოთ.

0.068003