ფეხბურთი

22:10 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

Il Mattino: "კონტრაქტზე მოლაპარაკებები ნულიდან დაიწყო, დე ლაურენტისი იმედგაცრუებულია"

ნეაპოლური გაზეთი Il Mattino „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან კლუბს ფეხბურთელის გარემოცვისგან შეთავაზებაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია:

„ევროპის ჩემპიონატის დროს, გერმანიაში შეთავაზებულ 2028 წლამდე კონტრაქტსა და სეზონში 5.5 მილიონზე პასუხს „ნაპოლიში“ სექტემბერში ელოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ, ფეხბურთელის აგენტმა კონტრმოთხოვნა წამოაყენა, რითაც მოლაპარაკებები პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო. კვარას გარემოცვის მოთხოვნა სეზონში მინიმუმ 8 მილიონია. ახლა გადაწყვეტილება დე ლაურენტისზეა, რომელიც იმედგაცრუებულია 8 მილიონის მოთხოვნით. მან უნდა გასცეს პასუხი და შეაფასოს, წარუდგინოს თუ არა ახალი შეთავაზება“, - წერს ნეაპოლური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის წევრი 2022 წლიდანაა და 97 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.114041