რაგბი

13:00 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 41:48 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ მორიგი თვალსასეირო შეხვედრა ჩაატარა და თბილისში ადგილობრივი ‘არმია’ 48:41 დაამარცხდა.

crocobet დიდი 10-ის IV ტურში სტუმრება მასპინძლებს „ავჭალაზე“ 7 ლელო გაუტანეს, თავად ლელო მიიღეს და ბონუს-ქულაც აიღეს (3-ით მეტი ლელოს გატანისთვის). უქულოდ არც ‘არმია’ დარჩა, რომელსაც მცირედი სხვაობისთვის ნუგეშ-ქულა ერგო. შეხვედრაში 8-ჯერ შეიცვალა ლიდერი, დასკვნით ფაზაში კი სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმეს.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ქუთაისელებმა მეტოქის 22-თან ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და სანამ მასპინძლების დაცვა მოეწყო არსენ მაჩალაძემ ხაზი გაჭრა. მისი ლელო გიორგი თევდორაძემ გარდასახა. მარლს პიტერსმა მომხვდურს ჯარიმით მე-5 წუთზე უპასუხა, თუმცა ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ, მათი შეტევები გაგრძელდა და ტიმოთი ნაკალევუმ მეორე ლელო მოლის შემდეგ გაიტანა.

‘არმია’ მყისიერად გააქტიურდა, ფაზები გადააბა, რაქიდან ბექა მაჭარაშვილმა ნულოვან ზონაში შეუტია და მას სანდრო ნახუცრიშვილი მიყვა. პიტერსმა გარდასახვიდან 3 წუთში ჯარიმა გაიტანა და ‘არმია’ პირველად დააწინაურა, ხოლო 21-ე წუთზე მორიგი ჯარიმით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა (16:12).

განახლდა თუ არა შეხვედრა ‘არესმა’ ბურთი მოიპოვა, ნაკალევუმ დაცვაში ღრიჭო შენიშნა და შეუტია, მასზე რამდენიმე ბოჭვა გაფუჭდა და ლელოთი სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნდათ. ‘არმიამ’ საპასუხოდ მოლი ააგორა, საიდანაც ბურთი მოკლე ფრთაზე გავიდა და ლელო ბექა მაჭარაშვილმა მიითვალა.

შესვენებამდე ლიდერი კიდევ ორჯერ შეიცვალა. ქუთაისელთა კარგი შეტევა პიტა იავი მაის ლელოთი დასრულდა, თუმცა 31-ე წუთზე ის სინბინით დაისაჯა და მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს. დავით ბარბაქაძემ თბილისელები ლელოთი კვლავ დააწინაურა, ხოლო პიტერსმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ‘არმიამ’ ტაიმი 33:26 მოიგო.

შესვენების შემდეგ, სანამ მაი მოედანზე დაბრუნდებოდა თბილისელებმა შერკინებიდან ბურთი საპირისპირო ფრთამდე ჩაათამაშეს და მაჭარაშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, რითაც არმიელთა უპირატესობა 12 ქულამდე გაიზარდა. მალე მოედანზე მოთამაშეთა თანაფარდობა აღდგა, ‘არესმა’ მორკინალებით, თანმიმდევრულად შეუტია, რის შემდეგაც ბურთი ხაზზე გავიდა, პატერსიო ფინაუ ღრიჭოში კარგად შევიდა, მას პასი არც თევდორაძემ დაუგვიანა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ქუთაისელები სრულად დაუფლნენ ინიციატივას, ‘არმია’ წნეხში მოექცა, რასაც შეცდომების სერია და კიდევ ერთი ლელო მოყვა. 57-ე წუთზე საკუთარი ლელოს სიახლოვეს ფეხით თამაშისას დარტყმა გაცუდდა, მეტოქის ლელოში საჰაერო ორთაბრძოლა გივი ლეჟავამ მოიგო და ლელოთი წონასწორობა აღადგინა (38:38). სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, 70-ე წუთზე ბექა ვარდანიძემ ძალისმიერი ლელო შეიტანა და ‘არესი’ კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თევდორაძემ კი გარდასახვის შემდეგ არეკნიც ზუსტად შეასრულა და სტუმართა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

ასეთ პირობებში ‘არმიას’ ისღა დარჩენოდა, რომ ბოლო წუთზე ჯარიმა კარში დაერტყა, რითაც 7 ქულაში შევიდა და ნუგეშ-ქულას გამორჩა – 41:48. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ კაპიტანი არსენ მაჩალაძე გახდა. ქუთაისელებს 4 თამაშის შემდეგ 15 ქულა მოუგროვდა და მინიმუმ ხვალამდე პირველ ადგილზეა. ‘არმიას’ 11 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-3 პოზიციაზეა.

RUGBY.GE

0.064269