ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვილიარეალთან“ დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტირება მოახერხა.
კარლო ანჩელოტის გუნდი სწრაფად დაწინაურდა ფედერიკო ვალვერდეს გოლით, ხოლო 73-ე წუთზე ვინისიუსმა ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
„რეალს“ 9 ტურში 21 ქულა აქვს და „ბარსელონას“ ამ დროისთვის გაუთანაბრდა, მაგრამ კატალონიელებს ამ ტურში სათამაშო აქვთ. კარლო ანჩელოტის გუნდი მომდევნო ტურში 19 ოქტომბერს, ვიგოს „სელტას“ ესტუმრება. „ვილიარეალი“ 17 ქულით მესამე საფეხურზეა.
„რეალი“ – „ვილიარეალი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვალვერდე (14), 2:0 ვინისიუსი (73)