საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვილი სანიოლს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ფრანგ სპეციალისტს ეს პატივი წილად საქართველოს ნაკრებში წარმატებული მუშაობის გამო ერგო.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2021 წელს ჩაუდგა. მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 19 გამარჯვება მოიპოვა, 7-ჯერ ფრეს დასჯერდა და 14-ჯერ დამარცხდა (68:55 ბურთების ბალანსი).
სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მერვედფინალში გასვლაც შეძლო. გარდა ამისა, მოიგო ერთა ლიგის C დივიზიონი და ასევე პირველად, B დივიზიონში გამოდის, სადაც ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები უახლოეს ორ მატჩს 11-14 ოქტომბერს, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.