ფეხბურთი

20:47 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთი, ორი, სამი! ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიქი და დაუვიწყარი თამაში ლიგა 1-ში (+VIDEO)
ალექსანდრე იაშვილის შემდეგ დავითაშვილი მეორე ქართველია, ვინც ტოპლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა

ზურიკო დავითაშვილის დღე, ზურიკო დავითაშვილის ბენეფისი! საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „სენტ ეტიენმა“ ქართველი ფეხბურთელის ჰეთ-თრიქით უშუალო კონკურენტი „ოსერი“ 3:1 დაამარცხა!

ზურიკო უბრალოდ შეუჩერებელი იყო, ულამაზესი გოლები გაიტანა, კიდევ შეეძლო გატანა.

მე-15 წუთზე ქართველმა საჯარიმოში შერბენა მოახერხა და მეტოქის ცხრიანი დალაშქრა, რითაც თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე ნახევრის სტარტზე მან იდენტური გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. 73-ე წუთზე მას ჰეთ-თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. ერთ წუთში სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს და თამაში დაიძაბა.

ზურიკომ ჰეთ-თრიქი მაინც შეასრულა, როცა 86-ე წუთზე მოხდენილად გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე. ქართველ შემტევს კარიერაში საუკეთესო თამაში ჰქონდა.

ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა ტოპლიგაში ქართველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად 21 წლის წინ, 2003 წელს, ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა „ფრაიბურგის“ მაისურით „ვოლფსბურგს“ სამჯერ გაუტანა (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე იყო).

დავითაშვილი „სენტ ეტიენისთვის“ უპირობო ლიდერია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ოლივიე დალ’ოლიოს გუნდს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5-ში ზურიკო მონაწილეობდა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი! ის გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმა“ პენალტით გაიტანეს.

„სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილი მანამდე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, რომელსაც შეკრებაზე ფანტასტიკურ განწყობასა და ფორმაში შეუერთდება.

0.111696